წვდომის მენიუ

მაისი 18, 2026 11:17

ComCom-მა GITA-ს პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერებისა და ციფრული რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის „კიბერუსაფრთხოება ახალგაზრდებისთვის: უსაფრთხო ციფრული მომავალი“ ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე „მედიაწიგნიერება და ციფრული რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში — როგორ შევაფასოთ ინფორმაცია და დავიცვათ გადაწყვეტილებები ციფრულ გარემოში.“ 

ტრენინგის ფარგლებში, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვერა ფრანგიშვილმა, მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ციფრულ გარემოში ინფორმაციის სწორად შეფასების გზების, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსების კრიტიკული შეფასებისა და ინფორმაციული საფრთხეების ამოცნობის მეთოდების შესახებ. ტრენინგი, ასევე, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა ციფრულ გარემოში ინფორმაციის გადამოწმების სტრატეგიული მოდელი რეალურ სცენარზე მორგებით გამოიყენეს. 

ტრენინგ-მოდული ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს, ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასთან ერთად, სწორად და გონივრულად მართონ თავიანთი ციფრული გამოცდილება სასარგებლო ჩვევების გამომუშავებით. 

GITA-ს ღონისძიება ახმეტის ტექნოპარკში 10 დღის განმავლობაში იმართებოდა, რომლის ფარგლებშიც, 15 წელს ზემოთ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, კერძოდ კი ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. პროექტის ძირითად თემას ციფრული საფრთხეების იდენტიფიცირება და მონაცემთა ანალიზი წარმოადგენდა. შეხვედრების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ტრენინგები და იდეათონი. პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის უნარების განვითარება და მათი სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები