ComCom-მა IGF 2024-ზე საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესახებ სესია გამართა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმში (IGF) მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სესია „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ გაიმართა. სესია შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ციფრული ჰაბის პოტენციალის; მისი სტრატეგიული მდებარეობის; მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და ადამიანური რესურსების საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Starlink, StrategEast და სხვა. დისკუსიის ფარგლებში განიხილებოდა საქართველოს ციფრული განვითარებისა და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების კონტექსტში არსებული ხედვები, საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორების როლი და ჩართულობის გაძლიერების ინიციატივები.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული სესია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ ხედვას ციფრული ტექნოლოგიების რეგიონული ჰაბის სტატუსის განმტკიცების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა ასევე მიიღო სესიაში „ციფრული ინოვაციების ფორუმი - გადაწყვეტილებები ინტერნეტ კავშირის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, ციფრული უთანასწორობის დაძლევის საჭიროებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელა. ამასთან ერთად, ეკატერინემ სესიის მონაწილეებს პროექტ „Log in Georgia“-ს შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და ამ პროცესში, ComCom-ის უმნიშვნელოვანეს როლზე გაამახვილა ყურადღება.
პანელურ დისკუსიაზე „ბარიერების მსხვრევა: ქალთა გაძლიერება ინტერნეტის ქსელში“, ComCom-ის წევრმა ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორში გენდერული მრავალფეროვნების გასაზრდელად სხვადასხვა პრაქტიკული ინიციატივები მიმოიხილა. ეკატერინე იმედაძემ ასევე ქალებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნის, მენტორული პროგრამებისა და ლიდერობის განვითარების ინიციატივებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ComCom-ის წევრი მონაწილეობდა ციფრული სუვერენიტეტის თაობაზე გამართულ სესიაშიც, სადაც საქართველოს მაგალითი წარადგინა და ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა თუ სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორობების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის ციფრული განვითარებისთვის აუცილებელ ფაქტორებზე, გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაში, რომელიც ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე უმნიშვნელოვანეს გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, ინტერნეტ მმართველობასა და ციფრულ სფეროსთან დაკავშირებული უწყებების, კერძო სექტორისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ფორუმის წლევანდელი თემა ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლის უზრუნველყოფა იყო და მიზნად მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, დიალოგის ხელშეწყობასა და გლობალური ციფრული გამოწვევების გადაჭრისთვის ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავებას ისახავდა.