ComCom-მა “იმედის” მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან პროდუქტის განთავსების დარღვევების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედის“ მენეჯმენტთან, იურისტებთან, მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებსა და პროდიუსერებთან ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების დარღვევების აღმოფხვრისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა პროდუქტის განთავსების დარღვევების შესახებ მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების შესახებ არსებული გაიდლაინების დეტალურ განხილვას დაეთმო.
კონსულტაციის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა „იმედის“ ეთერში გასული პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები მონაწილეებთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განთავსებულიყო პროდუქტი დარღვევების გარეშე. ამასთან, მიმოიხილეს ეთერში პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებისა და ფარული რეკლამის შესაძლო ზიანი მაყურებელზე. შეხვედრაზე ComCom-ის წარმომადგენლებმა „იმედის“ თანამშრომლების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ 2025 წლის იანვრამდე არსებული გარდამავალი პერიოდი თავიანთი სამუშაოს, მიდგომებისა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ვინაიდან, მოცემული პერიოდის დასრულების შემდგომ, კომისია კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას დაიწყებს და დარღვევის შემთხვევაში, სანქციებს გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, ComCom-მა კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, კომისიამ მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან, ჟან ფრანსუა ფურნემონთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრი იყო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკმა, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკები მიმოიხილეს. ამასთან, ღონისძიებაზე გახდა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ტელევიზიებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კომისია არ გამოიყენებს სანქციებს, თუმცა განახორციელებს მედიამონიტორინგს და ყველა დაინტერესებულ ტელევიზიასთან, სამუშაო რეჟიმში, პროდუქტის განთავსების დარღვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებს განიხილავს. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, კომისია დარღვევების საპასუხოდ კანონის შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.
კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო შეხვედრები „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ უკვე ჩაატარა და მზად არის კონსულტაციები ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ ტელევიზიაში გამართოს, რათა მომავალი წლიდან კანონი ყველა მაუწყებელმა ეფექიანად აღასრულოს.
პროდუქტის განთავსებისა და კომისიის გადაწყვეტილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.