წვდომის მენიუ

ივლისი 23, 2024 16:03

ComCom-მა ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის დაანგარიშების შესახებ ოპერატორებთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, ინფრასტრუქტურის მქონე ოპერატორებსა და დაინტერესებული პირებისთვის ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის გაანგარიშების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-ის ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საფასურის გაანგარიშების პრინციპები და მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც, იმ შემთხვევაში თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და დაშვების მსურველს შორის დავა წარმოიშვება, კომუნიკაციების კომისია დაშვების გონივრულ საფასურს დაიანგარიშებს. საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ოპერატორების ცნობიერების ამაღლებას, ფასის დაანგარიშების შესახებ მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, ასევე, დაშვების საფასურთან დაკავშირებული დავების წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანას და კანონით გათვალისწინებული დაშვების წესების პრაქტიკაში ეფექტიანად ამოქმედებას ემსახურებოდა.

„ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით და რეკომენდაციებით აღიარებულ საფასურის გაანგარიშების - ფასნამატიანი, მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი  ნაზარდი დანახარჯების მოდელს (LRIC+) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ცალკეული ელემენტისთვის. ასევე, დადგენილებაში დეტალურად არის მოცემული მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების შეფასებისა თუ გაანგარიშების მეთოდები და გეოგრაფიული დაშვებები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დავა წარმოიშვება, კომისია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, ინფრასტრუქტურაზე დაშვების გონივრულ საფასურს გამოიანგარიშებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა. ნორმატიული აქტების მიღება კომუნიკაციების კომისიას საქართველოს პარლამენტის მიერ, 2023 წელს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ მიღებული კანონის ფარგლებში დაევალა. დადგენილებები მიზნად ისახავს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შემოღების მიზნით დანერგილი მეთოდოლოგია და შესაბამისი მოდელი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-ს მიერ არის შემუშავებული.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები