ნოემბერი 29, 2023 11:28

ComCom-მა ირლანდიის მარეგულირებლის თავმჯდომარეს უმასპინძლა

კომუნიკაციების კომისიაში, ირლანდიის კომუნიკაციების კომისიის (ComReg) თავმჯდომარესა და EaPeReg-ის 2023 წლის ვიცე-თავმჯდომარესთან, რობერტ მოურიკთან, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComReg-ის თავმჯდომარემ, რობერტ მოურიკმა გახსნეს, რის შემდეგაც, კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სიჭინავამ და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუმრებს კომუნიკაციების კომისიის მიმდინარე პროექტები გააცნეს, მათ შორის: ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა, ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონის აღსრულება და ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა განხილული საკითხები შეაჯამეს და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და პრაქტიკული გზები მიმოიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის მარეგულირებლის თავმჯდომარემ, ComCom-ის მედიააკადემიისა და მედიალაბის სივრცეც მოინახულა, სადაც მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, რობერტ მოურიკს მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მედიააკადემიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები