ComCom-მა ITU-ს შეხვედრაზე ციფრული რუკის განვითარების ინიციატივა წარადგინა

ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის რეგიონული განვითარების ფორუმსა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციის (WTDC) წინამოსამზადებელ რეგიონულ შეხვედრაში (RDF&RPM) მიიღო მონაწილეობა. იგი შეხვედრებში ComCom-ის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელსაც (EaPeReg) წარმოადგენდა.
ფორუმზე უნივერსალური დაკავშირებადობის კუთხით, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მზია გოგილაშვილმა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უახლეს მიღწევებზე, ITU-ს, EaPeReg-სა და EMERG-ს (ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ჯგუფი) შორის 2023-2024 წლებში განხორციელებულ სამმხრივ თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ფორუმში, რომლის ძირითად თემას უნივერსალური დაკავშირებადობა წარმოადგენდა, ITU-ს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებისა და მარეგულირებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
WTDC-ის წინამოსამზადებელი რეგიონული შეხვედრის ფარგლებში კი, კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს სახელით, ქვეყანაში ფართოზოლოვანი ციფრული რუკის სისტემების განვითარების უზრუნველსაყოფად, ITU-ს ხელშეწყობის თაობაზე წინადადება წარადგინა. ამასთან, ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამომავლო მიზნებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ITU-ს ევროპის ოფისის მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმას დაედება საფუძვლად.