ComCom-მა ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“ კანონდარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი“ და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება ტელეკომპანიის მიერ ციფრულ და ინტერნეტ სივრცეებში, მათ შორის სამაუწყებლო ეთერში, ინტერნეტ-ტელევიზიის, Youtube არხსა და სოციალურ პლატფორმებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის შესახებაც კომისიას საჩივრით სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმართა.
კომისიამ დაადგინა, რომ ეთერსა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, მაუწყებლებს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფდა გადაცემაში გამოთქმული ბრალდების კრიტიკულ განხილვასა და ბრალდებაზე პასუხის უფლების რეალიზებას, აუდიტორიისთვის მოსაზრებათა ფართო სპექტრის მიწოდებასა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზისა“ და ,,რადიო ჯორჯიან თაიმსის“ მიმართ მსგავსი დარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ კომპანიები წერილობით გააფრთხილა.
