ოქტომბერი 19, 2023 10:45

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ბათუმის N6 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 40 სკოლის დირექტორისთვის და რესურს ცენტრის წარმომადგენლებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტი “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება”, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას და მოზარდებში მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს, ComCom-მა საქართველოს მასშტაბით 600 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვით,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, დამატებით 1000 მასწავლებლის შემდგომი გადამზადების მიზნით გადასცა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები