ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 135 მასწავლებელი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 135 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების ექსპერტი, ნატალია ინგოროყვა და მედიაწიგნიერების ტრენერი, ხათუნა ციხელაშვილი გაუძღვნენ, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს. გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი შეასწავლონ, რომლის ფარგლეშიც უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენას, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენასა და სიმართლის დადგენის ტექნიკებს ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან.
ComCom-მა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 1970 მასწავლებელია გადამზადებული. პროექტის შედეგად, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა, იმავე წელს, საქართველოს ექვსმა სკოლამ მედიაწიგნიერების საგანი აირჩია და სწავლება დაიწყო. 2024 წლიდან კი ასეთი სკოლების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, საიდანაც 91%-ს საქართველოს რეგიონის საჯარო სკოლები წარმოადგენენ.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა ComCom-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის შედეგად მასწავლებლები მედიაწიგნიერების სწავლების პროცესის წარმართვას მეტად ეფექტიანად და ნაყოფიერად შეძლებენ.