მაისი 04, 2023 16:42

ComCom-მა მთავარი არხი ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. ComCom-მა 2023 წლის 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, “მთავარი არხის” სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო კომუნიკაციების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გადაცემებში “შენი დილა”, “შენი შუადღე” და “მხოლოდ ლელასთან”, დაირღვა როგორც “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  691 მუხლი, რომლის მიხედვით, აკრძალულია პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება,  პროდუქტის შეძენისკენ მოწოდება და სარეკლამო ტექსტებით გადაცემის შინაარსზე გავლენის მოხდენა, ასევე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 67-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სპონსორობისას დაუშვებელია პროდუქტის შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ მოწოდება და სარეკლამო შეტყობინებები.

გამომდინარე იქედან, რომ “მთავარი არხის” მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები