ივნისი 27, 2024 17:56

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის ტვ “კავკასია“ გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასია“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა.  კომისიამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა რეკლამა, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს საკუთარ წიგნზე, თუმცა, ამავდროულად, ხაზს უსვამს თუ რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იძლევა წინასაარჩევნო დაპირებებს და როგორც თავად აცხადებს, წიგნში ევროკავშირში გაერთიანების, პენსიების ზრდის, ასევე, წარმატებული ევროპული სახელმწიფოსა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმას მიმოიხილავს.

მონიტორინგის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შინაარსის, არსებული კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნების გათვალისწინებით, რეკლამა ემსახურება არამხოლოდ წიგნის პოპულარიზაციას, არამედ პოლიტიკური ლიდერის არჩევის ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ სახეზეა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება.

გამომდინარე იქიდან, რომ „კავკასიას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია,  კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები