წვდომის მენიუ

სექტემბერი 17, 2024 11:36

ComCom-მა „პოსტვ“-ში პროდუქტის განთავსების შესახებ კონსულტაცია გამართა

ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ და მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქორიძემ ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების დარღვევების აღმოფხვრისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, ტელეკომპანია „პოსტვ“-ში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ტელევიზიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების გაიდლაინების დეტალურ განხილვას დაეთმო.

კონსულტაციის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართულ ტელესივრცეში გასული პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები მიმოიხილეს და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განთავსებულიყო პროდუქტი დარღვევების გარეშე. ამასთან, ისაუბრეს ეთერში პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებაზე, ფარულ რეკლამასა და მაყურებლისთვის დამაზიანებელ შედეგებზე. შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა ტელევიზიის თანამშრომლების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ 2025 წლის იანვრამდე არსებული გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი სამუშაოს, მიდგომებისა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებს და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, ComCom-მა კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, კომისიამ მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან, ჟან ფრანსუა ფურნემონთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრი იყო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკიმ, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკები მიმოიხილეს. ამასთან, ღონისძიებაზე გახდა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ტელევიზიებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კომისია არ გამოიყენებს სანქციებს, თუმცა განახორციელებს მედიამონიტორინგს და ყველა დაინტერესებულ ტელევიზიასთან, სამუშაო რეჟიმში, პროდუქტის განთავსების დარღვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებს განიხილავს.  გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, კომისია დარღვევების საპასუხოდ კანონის შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო შეხვედრები „რუსთავი 2“-ში, „იმედში“, „ბიემჯისა“ და „პოსტვ“-ში უკვე ჩაატარა და მზად არის კონსულტაციები ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ ტელევიზიაში გამართოს, რათა მომავალი წლიდან კანონი ყველა მაუწყებელმა ეფექტიანად აღასრულოს.

პროდუქტის განთავსებისა და კომისიის გადაწყვეტილების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები