ComCom-მა სამეგრელოში 70-ზე მეტი ლექტორი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და სენაკის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის აკადემიური პერსონალისთვის ციფრული წიგნიერების შესახებ ტრენინგები ჩაატარა, რომელშიც 70-ზე მეტი ლექტორი მონაწილეობდა. ტრენინგები აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციების გაძლიერებასა და ციფრულ გარემოში ეფექტიანი მუშაობისთვის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და სანდო წყაროების იდენტიფიცირება, ხელოვნური ინტელექტის კონცეფციები, მისი გამოყენების შესაძლებლობები აკადემიურ საქმიანობაში და პერსონალური AI ასისტენტის დადებითი მხარეები. გარდა ამისა, ტრენინგებზე განიხილებოდა მავნე პროგრამებისა და არაავტორიზებული წვდომისგან ელექტრონული მოწყობილობების დაცვის, ანგარიშების უსაფრთხოებისა და კიბერთაღლითობისგან თავდაცვის ხერხები. ამასთან, შეხვედრებზე ისაუბრეს სასარგებლო ონლაინ აპლიკაციებსა და რესურსებზეც, რომლებიც აკადემიურ პერსონალს კვლევის და სწავლების პროცესში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.