ComCom-მა „სეზონი ტვ“ ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მაისში და ივნისში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გადიოდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას - ერთ შემთხვევაში მიწვეული სტუმრის, მეორე შემთხვევაში კი წამყვანის მხრიდან.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებს მიეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 18:00-დან 23:00 საათამდე ეთერში მათთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. იმის გათვალისწინებით, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 21:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ”-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის გაფრთხილება მიღებული ჰქონდა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი დააჯარიმა.