დეკემბერი 07, 2023 15:36

ComCom-მა „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე, ComCom-მა „სეზონი ტვ”-ის მონიტორინგი განახორციელა, რომლის შედეგად, მაუწყებლის ეთერში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების” შესახებ კანონმდებლობის დარღვევა გამოიკვეთა.

კერძოდ, 2023 წლის ოქტომბერში, „სეზონი ტვ”-ის ეთერში დაფიქსირდა „ტელეიმედის” მიერ დამზადებული მასალის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით განთავსების ფაქტი. „სეზონი ტვ“-იმ ეთერში „ტელეიმედის“ მომზადებული გადაცემა მათი ნებართვის გარეშე განათავსა. გარდა ამისა, გადაცემის განთავსებისას „ტელეიმედის” ლოგო ნაწილობრივ გადაფარული, ხოლო  მასალაზე დატანილი პროგრამის სათაური გადაკეთებული იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ”-ის მხრიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები