წვდომის მენიუ

ოქტომბერი 18, 2024 16:53

ComCom-მა „ტელეიმედის“ და „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი კვლავ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება  „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია  „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები კვლავ არ ათავსებენ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ „რუსთავი 2“-ისა და „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, შესაბამისად, აღნიშნული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები