ComCom-მა „ტვ პირველი“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ასევე ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. კანონმდებლობით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
„ტელეკომპანია პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა. ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა. ამასთანავე, კომისიამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით - 5000 ლარით დააჯარიმა.
