წვდომის მენიუ

სექტემბერი 27, 2024 16:56

ComCom-მა „ტვ პირველის“ თანამშრომლებთან პროდუქტის განთავსების შესახებ შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ იურისტებთან, მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებსა და პროდიუსერებთან, გადაცემაში პროდუქტის განთავსების წესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების გაიდლაინების დეტალურ განხილვას დაეთმო. კონსულტაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების დარღვევების აღმოფხვრასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას ემსახურებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენლებმა „ტვ პირველის“ ეთერში გასული პროდუქტის განთავსების დარღვევის მაგალითები მიმოიხილეს და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაკეთებული თითოეული მათგანი დარღვევის გარეშე. ამასთან, ისაუბრეს თუ რა დამაზიანებელი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მაყურებლისთვის ფარულ რეკლამასა და პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებას. შეხვედრაზე ComCom-ის წარმომადგენლებმა ტელევიზიის თანამშრომლების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ 2025 წლის იანვრამდე არსებული გარდამავალი პერიოდი თავიანთი სამუშაოს, მიდგომებისა და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია კანონის აღსრულებას სრული სიმკაცრით დაიწყებს და დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, ComCom-მა კონფერენცია „სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement” ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში, კომისიამ მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებს, პროდუქტის განთავსების შესახებ ევროკავშირის მედია ექსპერტთან, ჟან ფრანსუა ფურნემონთან ერთად ჩატარებული კვლევა და კვლევის შედეგები გააცნო. კვლევით დადგინდა, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროდუქტის განთავსების წესები ტელევიზიების მიერ ყოველდღიურად უხეშად ირღვეოდა. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში პროდუქტის განთავსების დარღვევაზე კანონი და მარეგულირებელი კომისიების მიდგომა ძალიან მკაცრი იყო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების კომისიის (Ofcom) მაუწყებლობისა და ონლაინ კონტენტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სუზან ვრაითმა და ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის (RTCL) სამართლებრივი სამსახურის უფროსმა, ვადიმ გასპერსკიმ, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში არსებული მიდგომები და პრაქტიკები მიმოიხილეს. ამასთან, ღონისძიებაზე გახდა ცნობილი კომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით, ტელევიზიებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეცათ გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კომისია არ გამოიყენებს სანქციებს, თუმცა განახორციელებს მედიამონიტორინგს და ყველა დაინტერესებულ ტელევიზიასთან, სამუშაო რეჟიმში, პროდუქტის განთავსების დარღვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებს განიხილავს.  გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ისევე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება, კომისია დარღვევების საპასუხოდ კანონის შესაბამის სანქციებს გამოიყენებს.

კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო შეხვედრები „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „ბიემჯის“ „პოსტვ“-სა და „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან უკვე ჩაატარა და მზად არის კონსულტაციები ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ ტელევიზიასთან გამართოს, რათა მომავალი წლიდან კანონი ყველა მაუწყებელმა ეფექტიანად აღასრულოს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები