ComCom-მა წყალტუბოში 300-მდე ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წყალტუბოში 290 ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის სულ 18 სემინარია ჩატარებული. ტრენინგები წყალტუბოში მარტამდე აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ბენეფიციარები ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას შეძლებენ, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
წყალტუბოში პროგრამის სამიზნე სოფლებს ჩუნეში, ცხუნკური, ყუმისთავი, ქვილიშორი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, რიონი, სორმონი და უკანეთი წარმოადგენენ. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ პირებს კი, შეუძლიათ სრულიად უფასოდ გაიარონ სემინარი, გაიუმჯობესონ ციფრული შესაძლებლობები და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ციფრულ ელჩს ნომერზე 555 74 28 48.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 6750 ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.