წვდომის მენიუ

სექტემბერი 30, 2024 15:09

ComCom-მა ხობისა და აბაშის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.

საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ასევე, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა თუ ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნის მეთოდები, დეზინფორმაციის დადგენის ხერხები, ტროლებისა და ბოტების გარჩევის მექანიზმები. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროპაგანდისა და კონსპირაციული თეორიების, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა თუ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული საფრთხეების შესახებ. საგულისხმოა, რომ შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული ჯგუფური დავალების ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე ემსჯელათ.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში სულ 170 სოფლის 5000-ზე  მეტი მაცხოვრებელი გადამზადდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები