ComCom: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორია
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, შეზღუდული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება.
გადაწყვეტილების მიღებისას, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორზე მიუთითა, კერძოდ:
კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, შესწავლილი იქნა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარი, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. კვლევისას დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 985 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა.
ასევე ანალიზმა აჩვენა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან - 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი.
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შესაბამისი საბითუმო ბაზრები შეისწავლა და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამი კრიტერიუმის ტესტი ჩაატარა, რომელიც ადგენს ექვემდებარება თუ არა ბაზარი წინასწარ რეგულირებას. ჩატარებულმა ტესტმა ნათლად აჩვენა, რომ საბითუმო ბაზრები არ არის მიდრეკილი ეფექტიანი კონკურენციისკენ და არსებობს ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები. კერძოდ, დიდ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ დიდი ოპერატორები აკეთებენ მასშტაბის ეკონომიას თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რითიც იმცირებენ ხარჯებს. გარდა ამისა, ის ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს - მაგალითად ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად - აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას და იმცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსასწორებლად წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია.
კომუნიკაციების კომისიამ კვლევაში ჩართული ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. კვლევის ფარგლებში, დადგინდა ისიც, რომ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია და აღნიშნულ ბაზარზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომუნიკაციების კომისიამ მას სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
რაც შეეხება მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსურ კვლევას, აღნიშნულ სეგმენტზე კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით, მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება განესაზღვრა.