ComCom-სა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული მმართველობის მარეგულირებელი ორგანოს (TDRA) გენერალურმა დირექტორმა, მისმა აღმატებულება მაჯედ სულთან ალ მესმარმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ComCom-სა და TDRA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს.
მემორანდუმი დუბაიში, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ ორგანიზებულ რადიოკომუნიკაციის მსოფლიო კონფერენციის (WRC-23) ფარგლებში გაფორმდა, სადაც ComCom-ის წარმომადგენლებს TDRA-ს მიერ განხორციელებული ინოვაციური ციფრული მმართველობის პროექტები და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს, რის შემდეგაც, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, კომუნიკაციების სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, საერთაშორისო თანამშრომლობა და მათ შორის, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ჩარჩოს ფარგლებში, ICT-ის სფეროში ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ComCom-მა თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოვება, კოლეგა მარეგულირებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.