აგვისტო 10, 2023 14:51

ComCom ტელეკომ ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიის დოკუმენტს საკონსულტაციოდ აქვეყნებს

კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ (შემდგომში - მეთოდოლოგიური წესები) განახლებაზე მუშაობას განაგრძობს და დაინტერესებული პირებისთვის საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. განახლებული მეთოდოლოგიური წესები ბაზრის წინასწარი რეგულირების (Ex Ante) ანალიზის ჩატარების ჩარჩოს აყალიბებს.

ბაზრის ანალიზის განახლებული მეთოდოლოგიური წესები კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სატელეკომუნიკაციო ბაზრების კომპლექსური კვლევის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ბაზრის კომპლექსური კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა -II (AA Facility-II)“ დაფინანსებით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული მეთოდოლოგიის ჩარჩოზე, ევროკომისიის ექსპერტებმა, ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში იმუშავეს.  ექსპერტები კომუნიკაციების კომისიის გუნდთან ერთად უზრუნველყოფენ პროექტის ეკონომიკური, სამართლებრივი და ტექნიკური მიმართულებების განხორციელებას.

ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსი, ასევე, ევროკომისიის რეკომენდაცია წინასწარ რეგულაციას დაქვემდებარებულ ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზრების შესახებ და ამ ბაზრების განსაზღვრის მეთოდოლოგიური წესები, ის საკანონმდებლო და სამართლებრივი საფუძვლებია, რომელთა გამოყენებითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოები ბაზრის ანალიზისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისას ხელმძღვანელობენ. სწორედ აღნიშნული აქტებით დადგენილ პრინციპებს დაეფუძნება ახალი მეთოდოლოგიური წესებიც.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები