ComCom: წინასწარი რეგულირების გარეშე ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო არ შეიცვლება
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა და დაადგინა, რომ კომპანიას აღნიშნულ ბაზარზე როგორც აბონენტებით, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია. ComCom-მა გადაწყვეტილება ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია და მას საკუთარ ქსელზე სხვა მსურველი ოპერატორების დაშვების ვალდებულება უნდა განესაზღვროს, ანალიზის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის:
„მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს ის, რომ გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი - 53% იყო, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა. „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ - 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ - 71-ს, „სქაიტელი“, რომელიც ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს – 212-ს, „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ - მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან.
ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ გასულ წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი - 146 მილიონი მიიღო, რაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით, „ახალი ქსელების ჯგუფის“ შემოსავალს 1055%-ით, ხოლო „სქაიტელის“ შემოსავალს 4092%-ით აღემატებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით (ARPU) „მაგთიკომი“ კვლავ ბაზრის ლიდერია და ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი - 23.05 ლარს, „სქაიტელისთვის“ – 20.13-ს, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 17.37 ლარს წარმოადგენდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება. შედარებისთვის, „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს. ამასთან, კვლევის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს ისიც, რომ სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი - 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს წარმოადგენდა. გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი - 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს.
ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად „მაგთიკომი“ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნია და დაადგინა, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, მომდევნო სამი წელი არ არის მოსალოდნელი, რომ კომპანიის წილები საქართველოს კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების 40%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.
რაც შეეხება მობილური კომუნიკაციების ბაზარს, შეგახსენებთ, რომ კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მობილური კომუნიკაციების ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრა და კომპანიას ბაზრის გახსნისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა.