წვდომის მენიუ

აგვისტო 06, 2024 10:03

ზუგდიდსა და ბაკურიანში „სელფი მობაილის“ 5G მობილური ინტერნეტის სიჩქარე „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ზუგდიდსა და ბაკურიანში „სელფი მობაილის“ 5G მობილური ინტერნეტის სიჩქარე „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ 4G/LTE  ინტერნეტის იმავე მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად  მაღალია, ხოლო თბილისში „სილქნეტის“ მობილური ინტერნეტის სიჩქარის ანალოგიურია. მობილური ინტერნეტის მონიტორინგმა  აჩვენა, რომ რეგიონებში, სადაც  5G ტექნოლოგია დანერგილია, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE-ს ტექნოლოგით აგებული ქსელების  სიჩქარეს დაახლოებით 1.5-2-ჯერ აღემატება.

მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ComCom-მა 5G ქსელის წარმადობის შესამოწმებლად მობილური ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგი ივლისში პირველად ჩაატარა. მონიტორინგი თბილისში, ზუგდიდსა და ბაკურიანში კომპანია „როდე-შვარცის“ Smartbenchmarker-ის პროგრამის  უახლესი აპარატურითა და ბოლო თაობის მოდელის 5G მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონების გამოყენებით განხორციელდა და საქართველოში მოქმედი სამივე ოპერატორის, „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ ქსელებში როგორც 4G/LTE, ისე 5G-ის მობილური ინტერნეტის სიჩქარე შემოწმდა.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ზუგდიდში კომპანია „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 129 მბ/წმ-ია, 4G/LTE ტექნოლოგიაზე იგივე მაჩვენებელი „სილქნეტის“ ქსელში  81 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომის“ – 59 მბ/წმ-ია. ბაკურიანში აღნიშნული მაჩვენებელი „სელფი მობაილს“ 98 მბ/წმ, „სილქნეტს“ – 50 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომს“ 47 მბ/წმ აქვს. რაც შეეხება თბილისს, აქ „სელფი მობაილის“ ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე „სილქნეტის“ მაჩვენებლის ანალოგიურია და 47 მბ/წმ-ს შეადგენს, რაც იმით არის განპირობებული, რომ 5G ტექნოლოგია „სელფი მობაილს“ თბილისის  ქსელში ჯერ სრულად არ დაუნერგავს. თბილისში „მაგთიკომის“ ინტერნეტით  გადმოწერის საშუალო სიჩქარე 33 მბ/წმ-ია.

აღსანიშნავია, რომ „სელფი მობაილმა“ თავისი ქსელის სიჩქარის ასეთ თვალსაჩინო ზრდას 5G ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწია, რომელიც მან 2023 წელს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეძენილი სიხშირეების საფუძველზე დანერგა.

კომუნიკაციების კომისია 5G ქსელების რეგულარულ ტესტირებას და მონიტორინგს უახლესი აპარატურით 2025 წლიდან ჩაატარებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები