წვდომის მენიუ

მაისი 30, 2024 15:25

ევროკავშირის ექსპერტები: ComCom-მა „მაგთიკომს“ დაშვების ვალდებულებები უნდა დააკისროს, რათა მობილური ბაზარი გაიხსნას და მომხმარებელი აღარ დაზარალდეს

„საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის სტაგნაციას და არაკონკურენტულია, ვინაიდან „მაგთიკომი“ მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს როგორც ბაზრის წილების, ასევე აბონენტების და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რაც ზრდის ბაზარზე შესვლის ბარიერებს და აფერხებს კონკურენციას, აღნიშნული კი თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შემზღუდველ გარემოს ქმნის. იმისათვის, რომ არსებული პრობლემები აღმოიფხვრას, „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს სპეციფიკური ვალდებულებები, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ყველა მსურველი ოპერატორი უნდა დაუშვას.“ - აღნიშნული განცხადება მობილური მომსახურებების კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კომუნიკაციების კომისიაში ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ ევროკავშირის ექსპერტსა და კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, დომაგო იურიევიჩთან ერთად წარადგინა. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე ექსპერტების ჯგუფის დანარჩენი წარმომადგენლები - კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდი, სტანკო ტასკოვი და პიტერ ლანდი იღებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ზიანზე, რომელიც ბაზრის არაკონკურენტულობის გამო ქართველ მომხმარებლებს ადგებათ. კერძოდ, ექსპერტების შეფასებით, მობილურ ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე მიუთითებს ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელიც, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს, მაშინ როდესაც ევროპული ოპერატორებისთვის საშუალო EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე) 35%-ს შეადგენდა, „მაგთიკომისთვის“ ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი - 75%, „სილქნეტისთვის“ – 61%, ხოლო „სელფი მობაილისთვის“ – 45% იყო. მათივე დასკვნით, აღნიშნული სხვაობა ადასტურებს, რომ „მაგთიკომი“ გაცილებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლის ფონზე, პროცენტულად გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებდა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, ვიდრე ამას ევროპული ოპერატორები აკეთებდნენ. მათივე თქმით, სხვაობა ასევე დიდია „მაგთიკომსა“ და სხვა ქართული ოპერატორების მარჟებს შორისაც, რაც აჩენს პოტენციურად მომხმარებლისთვის დამაზიანებელ და არახელსაყრელ გარემოს - იმოქმედოს მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორმა კონკურენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად.

პრეზენტაციაზე განიხილეს ის ფაქტორებიც, რომლებიც მომხმარებელს არახელსაყრელ პირობებს უქმნის. კერძოდ, ისაუბრეს ComCom-ის მიერ განხორციელებული ფასების შედარებით ანალიზზეც, რომლის მიხედვითაც, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მომსახურებების არჩევა უწევთ. ამასთან, აღინიშნა ისიც, რომ ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების მოტივაცია, რის გამოც ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ სიახლეებს მუდმივად ჩამორჩება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ ოპერატორებმა ბოლო წლებში საცალო ტარიფების ცვლილება ერთმანეთის პარალელურად განახორციელეს, კერძოდ, ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას, მოჰყვა ანალოგიური ქმედება მეორე ოპერატორის მხრიდან, რაც, ექსპერტების შეფასებით, ნათლად ასახავს ზიანს, რომელიც ქართველ აბონენტებს ადგებათ. მათივე განცხადებით, აღნიშნული გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე არ შეიცვლება და თუ კომისია შესაბამის ზომებს არ მიიღებს, აბონენტები კვლავ დაზარალდებიან.

ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსაც, რასაც ექსპერტები „მაგთიკომისთვის“ სამი სხვადასხვა ვალდებულების დაკისრებაში ხედავენ. მათი განცხადებით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს ეროვნული როუმინგი, რომელიც მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორს ავალდებულებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მსურველ ოპერატორებს, რომელთაც ქვეყნის ყველა წერტილში შესაბამისი დაფარვა არ აქვთ, მისცეს საკუთარ ქსელზე დაშვების შესაძლებლობა. აღნიშნული ვალდებულების მეშვეობით, სხვა ოპერატორის აბონენტს ექნება შესაძლებლობა ავტომატურ რეჟიმში გადაერთოს „მაგთიკომის“  ქსელზე, როგორც ეს საზღვარგარეთ როუმინგის შემთხვევაში ხდება. გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, „მაგთიკომს“ თანალოკაციის ვალდებულება უნდა დაეკისროს, რაც გულისხმობს, რომ მობილური ქსელის სერვისების პროვაიდერს შეეძლება საკუთრი ქსელური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს და მომხმარებელს მეტად ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს. პრეზენტაციის ფარგლებში ექსპერტებმა „მაგთიკომისთვის“ განსაზღვრულ კიდევ ერთ ვალდებულებაზე ისაუბრეს, რომელსაც მობილური ვირტუალური ოპერატორის, იგივე MVNO-ს ქსელზე დაშვება წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კი ისეთი ოპერატორებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა, „მაგთიკომის“ ქსელზე დაშვებასა და ამგვარად ოპერირებას გულისხმობს.

აღნიშნული ვალდებულებები, ექსპერტების შეფასებით გააუმჯობესებს კონკურენციას, კერძოდ კი - მისცემს სხვა ოპერატორებს შესაძლებლობას შევიდნენ ბაზარზე ბარიერების გარეშე, ასევე, გააუმჯობესონ და დახვეწონ თავიანთი სერვისი, რაც, საბოლოოდ, მომხმარებელზე პოზიტიურად აისახება. ამასთან, მათივე თქმით, დაშვების ვალდებულებები „მაგთიკომისთვის“ დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება, რაც, საბოლოოდ, ყველა მხარისთვის ხელსაყრელი იქნება.

შეხვედრის ფარგლებში ექსპერტებმა მიმოიხილეს ის დამატებითი სპეციფიკური ვალდებულებებიც, რომლებიც მათი აზრით „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს. კერძოდ, მათი დასკვნით, „მაგთიკომმა“ მეტი გამჭვირვალობისთვის უნდა გამოაქვეყნოს მოწვევის ოფერტა დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, რაც დაშვების მსურველ ოპერატორს საშუალებას მისცემს ჰქონდეს ინფორმაცია დაშვების პირობებთან დაკავშირებით. ამასთან, „მაგთიკომმა“ დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციული პირობები უნდა შესთავაზოს, ხოლო საფასური აუცილებლად ხარჯზე ორიენტირებული უნდა იყოს, რათა დაშვების მსურველმა, კომერციულად საინტერესო საქმიანობის განხორციელება შეძლოს. დამატებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს ისიც, რომ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორს კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენა უნდა დაევალოს, რომლის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისია შეძლებს განახორციელოს მონიტორინგი, რათა ოპერატორმა კროსსუბსიდირების გამოყენებით არ აიძულოს კონკურენტი გავიდეს ბაზრიდან - რაც მათივე განმარტებით, სხვა მომსახურებების ხარჯზე, ერთი პროდუქტის ფასის შემცირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები