წვდომის მენიუ

ივლისი 24, 2024 13:34

ევროკავშირის ექსპერტები: „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ზღუდავს კონკურენციას, ვინაიდან ის მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია

„კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.“ - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. მათივე დასკვნით, ამ გამოწვევის აღმოფხვრისთვის „მაგთიკომს“ შესაბამისი ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ საკუთარ ქსელზე სხვა მსურველი ოპერატორები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას. კვლევის შედეგები დღეს საზოგადოებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ გააცნო. 

ექსპერტების შეფასებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს ის, რომ გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი - 53% იყო, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა. კვლევის მიხედვით, საგულისხმოა ისიც, რომ „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ - 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ - 71-ს, „სქაიტელი“ – 212-ს („სქაიტელი“ ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს), „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ - მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან. აღნიშული მაჩვენებლები, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობას უსვამს ხაზს.

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ გასულ წელს ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ ყველაზე მაღალი შემოსავალი - 146 მილიონი მიიღო, რაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით, „ახალი ქსელების ჯგუფის“ შემოსავალს 1055%-ით, ხოლო „სქაიტელის“ შემოსავალს 4092%-ით აღემატებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს, ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით (ARPU) „მაგთიკომი“ კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი - 23.05 ლარს, „სქაიტელისთვის“ – 20.13-ს, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 17.37 ლარს წარმოადგენდა.

კომპლექსური კვლევის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საყურადღებოა ისიც, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება. შედარებისთვის, „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს. ამასთან ერთად, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი - 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს წარმოადგენდა. გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი - 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს.

ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად (SMP) მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, მომდევნო სამი წელი არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  40%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები