მაისი 30, 2024 14:33

ევროკავშირის ექსპერტები: წინასწარი რეგულაციის გარეშე „მაგთიკომის“ წილები 40%-იან ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა და კონკურენცია ვერ განვითარდება

„კომპლექსური კვლევის ფარგლებში დავადგინეთ, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების თვალსაზრისით, სხვა კომპანიებთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობს. ამასთან, არ არის მოსალოდნელი, რომ უახლოეს პერიოდში ეს გარემოება შეიცვლება და „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან სხვა ოპერატორები მიაღწევენ აღნიშნულ ზღვარს, რის საფუძველზეც დავასკვენით, რომ „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია.“ - ეს შეფასება კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. კომპლექსური კვლევის შედეგების პრეზენტაცია კომუნიკაციების კომისიაში ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ევროკავშირის ექსპერტმა და კვლევის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე კვლევაში მონაწილე ევროკავშირის დანარჩენი ექსპერტები - კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდი, სტანკო ტასკოვი და პიტერ ლანდი იღებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ის გარემოებები, რის საფუძველზეც, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად მიიჩნიეს. მათი განცხადებით, მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელია. ექსპერტის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10%-ით, ხოლო შემოსავლების - 45%-ით გაიზარდა. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, აბონენტების 41%-სა და შემოსავლების 49%-ს ფლობს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ისიც, რომ 2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51% სწორედ „მაგთიკომმა“ დააგენერირა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 19% იყო.

კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მობილური ინტერნეტის მოხმარება 592%-ით გაიზარდა, ხოლო „მაგთიკომი“ ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში „სილქნეტთან“ შედარებით 69%-ით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178%-ით მეტ ინტერნეტ ტრაფიკს ატარებდა, კერძოდ: „მაგთიკომი“ 232 პეტაბაიტს ატარებდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი „სილქნეტისთვის“ – 137-ს, „სელფი მობაილისთვის“ კი 83-ს წარმოადგენდა. აღნიშნული კი, ექსპერტების შეფასებით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „მაგთიკომი“ დანარჩენ ოპერატორებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს.

პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა ARPU-ს, იგივე ერთი მომხმარებლისგან შემოსული საშუალო შემოსავლის მაჩვენებელზე, რომლის მიხედვითაც 2022 წელს „მაგთიკომი“ ერთი აბონენტისგან საშუალოდ 14 ლარს, „სილქნეტი“ – 12-ს, „სელფი მობაილი“ კი - 8 ლარს იღებდა. შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ 2022 წლიდან ბაზარს ახალი მობილური ვირტუალური ოპერატორი - „ჰალლო“ დაემატა, რომლის ARPU-ს მაჩვენებელი 8.5 ლარს უტოლდებოდა.

შეხვედრაზე „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად დასახელდა ისიც, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის ნახევარზე მეტი - 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, ხოლო „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-სა 6.1%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ შემთხვევაში.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა კრიტერიუმით კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები