წვდომის მენიუ

ივლისი 06, 2026 12:18

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან. 

გარემოსდაცვით საკითხებზე სპეციალიზებულ სალექციო კურსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები წარუძღვებიან. კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, წყლის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიების მართვა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება. 

აღნიშნული კურსი გარემოსდაცვით თემებზე ჟურნალისტების ცნობიერებისა და პროფესიული უნარების გაძლიერებას, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის ხარისხიან გავრცელებას, ასევე მედიისა და გარემოსდაცვითი სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და სისტემური საგანმანათლებლო პლატფორმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 

პროექტის ფარგლებში, პირველი სემინარები თემებზე „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება“ და „წყლის რესურსების მართვა“ ჩატარდა, რომლებსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ირაკლი მეგრელიძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიის დეპარტამენტის უფროსი, იოსებ ქინქლაძე წარუძღვნენ. აღნიშნული ტრენინგების მსვლელობას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი დაესწრნენ, რომლებმაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ჟურნალისტების გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგეგმეს. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები