წვდომის მენიუ

ოქტომბერი 01, 2025 9:25

გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი

კომუნიკაციების კომისია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს პირველ ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს “გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი”.

კონკურსის მიზანია მედიაწიგნიერებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო აკადემიური დისკურსის გაღრმავება, კვლევითი საქმიანობის წახალისება, თემის პოპულარიზაცია სტუდენტურ სივრცეში და მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც ანალიტიკური ნაშრომი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა წარმოადგინონ:

  • კვლევითი და ანალიტიკური სიღრმე;
  • არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა;
  • საკვლევ საკითხზე ახალი ან განსხვავებული პერსპექტივის წარდგენა;
  • გამართული სტრუქტურა;
  • აკადემიური სტანდარტების დაცვა.

საკვლევი თემატიკა

დაინტერესების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა წარადგინოთ ქვემოთ მოცემული თემატიკიდან ერთ-ერთ კატეგორიაში:

  • მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები;
  • ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია);
  • სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი.

ნაშრომის სტრუქტურა

  • სათაური;
  • შესავალი;
  • თეორიული ნაწილი (ლიტერატურის მიმოხილვა, დისკუსია);
  • მეთოდოლოგია;
  • ანალიზი და მიგნებები;
  • დასკვნა;
  • გამოყენებული ლიტერატურა;
  • დანართი (არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, ნაშრომში არ მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, აკადემიური საფეხური, სწავლების მიმართულება ან სხვა სახის პირადი/საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები დააფიქსირეთ მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმაში, ხოლო ატვირთული ნაშრომის სახელწოდება განსაზღვრეთ შემდეგნაირად - “საკონკურსო ნაშრომი - ავტორის სახელი, გვარი“.

პრიზები

კონკურსში გამარჯვებული ნაშრომების ავტორებს კომუნიკაციების კომისია გადასცემს შემდეგ ფულად პრიზებს:

  • I ადგილი - 5,000 ლარი;
  • II ადგილი - 3,000 ლარი;
  • III ადგილი - 1,500 ლარი.

გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო პლატფორმაზე, 10 საუკეთესო  ნაშრომის ავტორს გადაეცემა უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებული, ხოლო ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულობა გაზრდის აპლიკანტის შანსებს, მიიღოს სხვადასხვა სახის სტიპენდიები.

ნაშრომის მოცულობა და ტექნიკური მახასიათებლები

  • მინიმალური მოცულობა - 7 გვერდი (ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე);
  • მაქსიმალური მოცულობა - 14 გვერდი (ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე);
  • ფონტი - Sylfaen;
  • ფონტის ზომა - 11;
  • მანძილი სტრიქონებს შორის - 1.15;
  • ფორმატი - PDF;
  • ენა - ქართული;
  • ციტირების წესი - APA (American Psychological Association) / MLA (Modern Language Association) / Chicago/Turabian. 

ნაშრომების მიღების პერიოდი

1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.

ნაშრომის გამოგზავნა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმულის ყველა ველი და ატვირთოთ თქვენი ნაშრომი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ნამუშევრები, ისევე როგორც პლაგიატი არ მიიღება.

დაგვიანებული ნაშრომები არ მიიღება.

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე -  medialiteracy@comcom.ge  და დანიშნულებაში მიუთითოთ „კონკურსი - გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“. 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები