ივნისი 26, 2024 10:30

ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლიხაურის 800-მდე ოჯახი ოპტიკურ ინტერნეტს იყენებს

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხარისხიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურებით დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაურის 800-მდე ოჯახი უკვე სარგებლობს. აღნიშნული შესაძლებლობა სოფელი ლიახურის მოსახლეებს მას შემდეგ შეექმნათ, რაც კომპანია „ოუფენ ნეტმა“ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა ააშენა და 29,000-მდე ადგილობრივისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა შექმნა. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, კომუნიკაციების კომისიის მიერ ასევე ხორციელდება „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია და სამიზნე სოფლების მოსახლეობისთვის ციფრული სერვისებით სარგებლობისა და ინტერნეტის სასარგებლო გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

სწორედ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, სოფელი ლიხაურის მკვიდრმა სალუქვაძეების ოჯახმა, მცირე სარესტორნო ბიზნესი მეტი წარმატებით განავითარა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დახმარებით ციფრული უნარ-ჩვევები განივითარეს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება - მეტი ტურისტისა და ვიზიტორის მოზიდვა შეძლეს.

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამისა და მისი შემადგენელი კომპონენტების - Log-in Georgia-სა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეშვეობით, სალუქვაძეების ოჯახის მსგავსად, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და ციფრული სერვისებით სარგებლობის საკითხებში, ამ ეტაპისთვის 151 სოფლის 4200-ზე მეტი მაცხოვრებელია გადამზადებული. პროგრამის ბენეფიციარები კი, ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების ცოდნას, ეკონომიკურ საქმიანობაშიც წარმატებით იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა“, საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები