კახა ბექაური: კომისიის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა მაუწყებლობის კანონის აღსრულებას ვერ შეაფერხებს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ComCom-ის 10 წლის საქმიანობის შეჯამებისას, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების აღსრულებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულებისთვის, კომისიამ აქტიურად იმუშავა და შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა ვინაიდან, მისივე თქმით, მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებები სწორედ ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგია. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ არა მხოლოდ ამ საჩივრებზე, არამედ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ბრიტანეთის, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელს (Ofcom) პრაქტიკა, კომისიის აპარატმა გაარჩია ყველა ის მნიშვენელოვანი ქეისი, რომელიც მსგავსი შინაარსობრივი ტიპის დარღვევებს ეხებოდა და Ofcom-ს აქვს მრავალი გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კომისიის აპარატი კომპეტენციით სრულიად მზად არის და უკვე რეალურად ახორციელებს ამ კანონის აღსრულებას და ჩემი რწმენა და იმედიც არის ის, რომ, ჩვენ ყველა მალე ვნახავთ, რომ რამდენიმე თვე დასჭირდება მხოლოდ და მაყურებელი ამას ძალიან მალე შეამჩნევს, რომ ფაქტზე დაფუძნებული ამბები და ფაქტის გამიჯვნა მოსაზრებისგან - ეს ყველაფერი მედასივრცეში ძალიან მალე ჩაანაცვლებს დეზინფორმაციასა და ყალბ ინფორმაციას. “ - აღნიშნა კახა ბექაურმა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა კომუნიკაციების კომისია კანონის აღსრულების თვალსაზრისით, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი 2025 წლის აპრილში დაიწყო და უკვე 9 თვეა, კომისიის ყველა შესაბამისი დეპარტამენტი და თანამშრომელი მუშაობს იმაზე, რომ კანონი ეფექტიანად და მაღალი სტანდარტით აღსრულდეს.
