წვდომის მენიუ

აგვისტო 02, 2024 12:55

კომპლექსური კვლევის მიხედვით „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე აბონენტებითა და შემოსავლებით დომინანტური პოზიცია უკავია

ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც კომპლექსური კვლევის შედეგები განიხილეს. კომპლექსური კვლევის ანალიზის მიხედვით კომპანია ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვნად დომინანტურ პოზიციას იკავებს. საკითხზე ზეპირ მოსმენას ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებთან ერთად, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კომუნიკაციების კომისია ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის შესახებ გადაწყვეტილებაზე 8 აგვისტოს იმსჯელებს.

ზეპირ მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ანალიზის შედეგები განიხილა, რომლის მიხედვითაც კომპანია „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორია და მას საკუთარ ქსელზე სხვა მსურველი ოპერატორების დაშვების ვალდებულება უნდა განესაზღვროს.

კომუნიკაციების კომისიისა და კვლევის ავტორი ევროკავშირის ექსპერტების განმარტებით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან უპირატესობას რამდენიმე ფაქტორი უსვამს ხაზს, მათ შორის:

„მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს ის, რომ გასულ წელს, საქართველოში ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ სულ 952 ათასი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ წილი ნახევარზე მეტი - 53% იყო, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 32%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 7%-ს, „სქაიტელისთვის“ – 2%-ს, ხოლო სხვა კომპანიებისთვის ჯამში 6%-ს შეადგენდა. „მაგთიკომი“ ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ - 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ - 71-ს, „სქაიტელი“, რომელიც ძირითადად მცირე დასახლებებში ოპერირებს – 212-ს, „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14 დასახლებაშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომი“ 392 დასახლებაში ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, მაშინ, როდესაც „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ - მხოლოდ 2 დასახლების ერთადერთი მიმწოდებლები არიან.

გასულ წელს ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ ყველაზე მაღალი შემოსავალი - 146 მილიონი მიიღო, რაც „სილქნეტის“ შემოსავალს 76%-ით, „ახალი ქსელების ჯგუფის“ შემოსავალს 1055%-ით, ხოლო „სქაიტელის“ შემოსავალს 4092%-ით აღემატებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს, ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით (ARPU) „მაგთიკომი“ კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი - 23.05 ლარს, „სქაიტელისთვის“ – 20.13-ს, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 17.37 ლარს წარმოადგენდა.

საყურადღებოა ისიც, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 544-ში, სადაც საქართველოს პოპულაციის 60% ცხოვრობს, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 40%-ს აღემატება. შედარებისთვის, „სილქნეტის“ ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 31 დასახლებას მოიცავს, სადაც მთლიანი პოპულაციის 15% ცხოვრობს. ამასთან ერთად, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი - 88.6%-იანი დაფარვა ჰქონდა. „სილქნეტის“ ქსელის დაფარვის მაჩვენებელი 57.2%-ს, „ახალი ქსელების“ – 4.9%-ს, ხოლო „სქაიტელის“ – 3.5%-ს წარმოადგენდა. გარდა ამისა, „მაგთიკომს“ კომბინირებული მომსახურებების თვალსაზრისით, რაც ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონისა და მობილური მომსახურებების ინტერნეტთან კომბინაციას გულისხმობს, ყველაზე მაღალი - 53.5%-იანი ბაზრის წილი უკავია, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 38.3%-ს, „ახალი ქსელების ჯგუფისთვის“ – 8%-ს, ხოლო „სქაიტელისთვის“ – 0.2%-ს წარმოადგენს.

აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, კვლევის ავტორებმა „მაგთიკომი“ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად (SMP) მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, მომდევნო სამი წელი არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომის“ წილები საქართველოს კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  40%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

რაც შეეხება მობილური კომუნიკაციების ბაზარს, შეგახსენებთ, რომ კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მობილური კომუნიკაციების ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრა და კომპანიას ბაზრის გახსნისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები