კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდი მიუკერძოებლად და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა
კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მედიამონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მეორე ტურის 1-21 ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში ჩატარებული ანგარიშების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურს სტანდარტების დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და აჭარის ტელევიზია აშუქებდა, „იმედი“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ კი მიკერძოებულად.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაცული იყო ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, საინფორმაციო პროგრამებში აისახებოდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა. წამყვანები და ჟურნალისტები სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს და არ იყვნენ მიკერძოებული არცერთი პოლიტიკური მხარის მიმართ, რაც ხელს უწყობდა ამომრჩევლის ინფორმირებულობას.
„ტელეკომპანია პირველი“ მეორე ტურის დროსაც ინარჩუნებდა მკვეთრად ნეგატიურ ტონს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიმართ, კიდევ უფრო მკაფიო გახდა არხის ლოიალური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ. გამოვლინდა მანიპულაციის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები. ცალმხრივი და დაუბალანსებელი რეპორტაჟები ნორმად იქცა, ასევე, პრობლემად რჩება ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი ვარაუდების და მოსაზრებების უტყუარ რეალობად წარმოჩენის მცდელობა და ყალბი ამბების გავრცელება.
საანგარიშო პერიოდში „მთავარი არხი“ დაუფარავად გამოხატავდა მიკერძოებულ პოზიტიურ დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ, ასევე არხის ჟურნალისტების მხრიდან პირდაპირ ისმოდა პოლიტიკური მოწოდებები, წამყვანები კვლავ იყენებდნენ სიძულვილის ენას, აკეთებდნენ აგრესიულ განცხადებებს და ტირაჟირებდნენ უცენზურო გამონათქვამებს. ისევე, როგორც წინა საანგარიშო პერიოდში, არხზე ადგილი ჰქონდა დაუზუსტებელ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებას და მანიპულაციას.
მონიტორინგის წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად, „ტელეიმედზე“ ძირითადად პოზიტიური დამოკიდებულება გამოიკვეთა მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ, მკვეთრად უარყოფითი ოპოზიციის, კერძოდ, „ძალა ერთობაშიას“ და მასში შემავალი პარტიების მიმართ, თავად ოპოზიციას კი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მისცემია.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეთიკური სტანდარტების დაცვით განაგრძობდა მეორე ტურის დროსაც მიმდინარე მოვლენების გაშუქებას. გადაცემებში დაცული იყო ბალანსი. ჟურნალისტები არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ან დისკრიმინაციულ ლექსიკას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებს მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებდნენ, დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება.
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარა, რაოდენობრივი ანალიზი კი 50 არხზე განხორციელდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში, შემდეგი სამაუწყებლო სტანდარტების გაანალიზებით განხორციელდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, სიცხადე, მრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, სიძულვილის ენა, ყალბი ამბები, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.
კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები სპეციალური ტრენინგის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.