წვდომის მენიუ

ოქტომბერი 01, 2020 18:49

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“  სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის  17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია.  ასევე, ის სატელეკომუნიკაციო სფეროში კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას. მარიამ სულაბერიძე „ოუფენ ნეტის“ დირექტორობამდე, კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან „კავკასუს ონლაინის“ ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული - იქნება ბათილი.  სპეციალური მმართველი ვალდებულია ჩაატაროს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მეშვეობით „კავკასუს ონლაინის“ ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (due diligence) და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას, ასევე, ვალდებულია კომისიას მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშე, რომელიც თავისმხრივ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი. კანონის მოთხოვნისა და კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემთხვევაში, სპეციალური ღონისძიების გამოყენება შეწყდება და სპეციალური მმართველი გათავისუფლდება თანამდებობიდან.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

„კავკასუს ონლაინი“ უკვე ერთი წელია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საქმიანობას უკანონოდ გასხვისებული წილების პირობებში ახორციელებს, რითაც უკვე დადგა ზიანის მიყენების რეალური საფრთხე, როგორც თავად საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოსთვის, ასევე საქართველოში ინტერნეტ მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის, კერძოდ, მომსახურების სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკანონო ტრანზაქციამ, შესაძლებელია საქართველოში რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის კონტექსტში მოახდინოს ნეგატიური გავლენა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცვლილების დროს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომსახურების მიწოდების სტრატეგიამ შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ პირველ რიგში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით. კომპანიის საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და შესაბამისად მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია ავტორიზაციის შეჩერება და კომპანიაში კანონის აღსრულების მიზნით, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები