აპრილი 29, 2021 10:32

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მონაწილე, საუკეთესო სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სერტიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარა. სტუდენტებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორებიცაა სოციალური მედიის ალგორითმული დისკრიმინაცია,  სოციალურ მედიაში ადამიანთა უფლებების დარღვევა და მონაცემთა დაცულობა. სტუდენტებმა ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ყალბ ამბებს და დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება, რას ნიშნავს სიძულვილის ენა და როგორია თანამედროვე ეპოქაში სოციალური პლატფორმების პასუხისმგებლობა.

ტრენინგის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ასევე იმის შესწავლას, თუ რა როლი აქვს მომხმარებელს სოციალური მედიის ეკონომიკის გენერირებაში.  სერტიფიცირებული ტრენინგები BBC აკადემიის სასწავლო მასალებით შექმნილი პროგრამით ჩატარდა. კურსის გავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა, რის საფუძველზეც მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უკვე სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს  შეუძლიათ გაუზიარონ, როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გასულ წელს ჩაატარა. 120 საკონკურსო ნამუშევრიდან სამი საუკეთესო გამარჯვებული ჟიურიმ გამოავლინა, რომლებსაც ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. ხოლო იმ კონკურსანტებს, რომლებიც პირველ სამულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ხარისხიანი ნამუშევრები წარმოადგინეს და ამასთან, მაღალი კომპეტენცია და ეფექტური უნარები გამოავლინეს, კომუნიკაციების კომისიამ კარიერული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე ოთხჯერ ჩატარდა, კომისია უახლოეს მომავალში ახალ კონკურსს ამჯერად სკოლის მოსწავლეებისთვის  გამოაცხადებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები