წვდომის მენიუ

მაისი 05, 2022 16:13

კომუნიკაციების კომისიამ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანიებში 100%-იანი წილების გასხვისებაზე თანხმობა გასცა

კომუნიკაციების კომისიამ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. 

კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ“ ფიზიკური პირი ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით 2022 წლის 4 აპრილს მიმართა. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. 

კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანზაქციის გამოკვლევის თაობაზე საქმის წარმოება დაიწყოს. 

საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. 

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები