ივნისი 02, 2020 16:37

კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიში

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, 2020 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი. 2019 წელი გამორჩეული იყო როგორც მედიისა და მაუწყებლობის, ასევე ტელეკომ სფეროსთვის. დღეს ქვეყანაში 100-ზე მეტი მაუწყებელია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი აბონენტების რაოდენობა დინამიურად - მზარდი. 2019 წლის  მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. ჯამში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს აქვს. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშით საქართველო პენეტრაციის საერთო წილით  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამავე პარამეტრით ამერიკას კი უსწრებს.  

დღეს საქართველოს მთელ ევროპაში ყველაზე ლიბერალური მედია პოლიტიკა აქვს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მსურველს მაუწყებლობის დაწყება მარტივი ავტორიზაციით მხოლოდ 10 დღეში შეუძლია. სწორედ ამის შედეგია, ის, რომ დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია და განუსაზღვრელი არჩევანია.

მოზარდების ინტერნეტ საფრთხეებისგან დასაცავად, გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით, 5 უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, 60 მასწავლებელი და 800-ზე მეტი მოსწავლე გადამზადდა. 2019 წელს სრული დატვირთვით ამუშავდა მედიააკადემიის სამივე მიმართულება. მედიასკოლამ კვალიფიკაცია მედიის 120-ზე მეტ  წარმომადგენელს აუმაღლა. 2019 წელს სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება მედიაკრიტიკის პლატფორმამ, რომელიც თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს უწყობს ხელს პროფესიულ განვითარებაში. ასევე, დაიწყო მუშაობა მედიალაბმა, რომელიც ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპებს დაეხმარება და დააფინანსებს.  

2019 წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,185 მლნ ლარი შეადგინა. 

გასული წელი ნაყოფიერი იყო ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. აღნიშნული მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიამ რევოლუციური გადაწყვეტილებები მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 10-ჯერ შეუმცირდათ, განახევრდა ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები, გლობალური ინტერნეტის საბითუმო ტარიფი რეკორდულად 32-დან 9 ლარამდე  შემცირდა, მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები 4-ჯერ შემცირდა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისთვის მიიღო, მიმართულია ბაზრის გაჯანსაღებისკენ, ბაზარზე კონკურენციის გაზრდისა და მცირე და საშუალო ოპერატორების გაძლიერებისკენ.  საბოლოო ჯამში კი, მომხმარებელი, გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარისხიან ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად მიიღებს.

მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, 2019 წელს კომისიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა ამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვება იყო, რაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე დაშვებით გაიზრდება კონკურენცია. ვირტუალური ოპერატორები საკუთარი ინფრასტრუქტურის გარეშე, ბაზარზე უკვე არსებული დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურით სარგებლობას 2021 წლის თებერვლიდან შეძლებენ. ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ეს გადაწყვეტილება ინტერნეტ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოში covid-19-ის პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ კიდევ უფრო ნათელი გახადა სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა. პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა  წარმატებით უპასუხა, რაც კომუნიკაციების კომისიის ლიბერალური პოლიტიკისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი  დაიკავოს, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს ტექნოლოგიურ განვითარებაზე ზრუნვას. კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველომ 5G-ის გამოყენება შეძლოს. 5G ინტერნეტი აუცილებელი  წინაპირობაა, რომ ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა კიდევ უფრო განვითარდეს.

კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, კომისიის ინოვაციური პროექტი - Sheamotsme.ge, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. ინტერნეტის ხარისხის სისტემა 2019 წლის დასაწყისში დაინერგა, რომლის საშუალებითაც, კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელს საკუთარი ინტერნეტის ხარისხის კონტროლის საშუალება მისცა.

კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიში იხილეთ სრულად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები