„მაგთიკომმა“ 5G-ის დასანერგად 7 აუქციონში გაიმარჯვა და 149 025 808 ლარის სიხშირეები შეიძინა
კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი“ დამატებით ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში გამოტანილი ლოტების საფასურმა სულ 23 097 816 ლარი შეადგინა, რომლის 30% „მაგთიკომმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
5G აუქციონზე „მაგთიკომი“ ასევე ერთი კომბინირებული ლოტის და ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 800 და 3410-3710 სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის ლიცენზიები მიენიჭა. ჯამურად, „მაგთიკომის“ მიერ ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულება 149 025 808 ლარს შეადგენს. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორს დაევალა მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საგულისხმოა, რომ მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა“ ლოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ტელეკომ სექტორის ზედამხედველისთვის, აღნიშნულ საკითხებში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია.