ნოემბერი 14, 2022 11:06

მედიააკადემიამ ჟურნალისტებს პოლიტიკის, ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქებაში სემინარი ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე გაუძღვა. მაკა ანთიძემ სემინარის მონაწილეებთან ბიოგრაფიულ და პრაქტიკულ თემებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს „Reuters”-ში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა. მედიის წარმომადგენლებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნა მიიღეს, გარდა ამისა, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს.

მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია, 25 წელი ის „Reuters“-ის კავკასიის ბიუროში, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი „Associated Press“-ის კორესპონდენტი იყო.  

ორი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ იმ უნარ-ჩვევების შესახებ, რაც ჟურნალისტს ახალი ამბისა და სტატიის მოსამზადებლად სჭირდება. როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. ისაუბრეს ასევე იმაზე, თუ რა უნდა ახსოვდეს ჟურნალისტს სტატიაზე მუშაობისა და წერის დროს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს კორესპონდენტს და როგორ უნდა მომზადდეს ხარისხიანი ინტერვიუ.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები