ოქტომბერი 26, 2023 13:30

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ლინდა ლიუკასმა მასწავლებლებისთვის „გამარჯობა რუბის“ ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის “გამარჯობა რუბის” ახალი წიგნის პრეზენტაცია წიგნების ავტორმა და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებულმა ლინდა ლიუკასმა ჩაატარა.  შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. ლინდა ლიუკასის ახალი გამოცემა 4 წიგნს ერთ სახელმძღვანელოში აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის მეორე ქვეყანა, სადაც “გამარჯობა რუბის” ახალი წიგნი ითარგმნა და ComCom-ის მიერ გამოიცა, რის შემდეგაც, 80 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, პროგრამირებისა და კოდის წერის საწყისების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ გახსნა და კომუნიკაციების კომისიის მიერ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ასევე, კომუნიკაციების კომისიის როლსა და სწავლების პროცესში „გამარჯობა რუბის“ მნიშვნელობაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელმა, ქეთევან ჩხობაძემ ისაუბრა.

ლინდა ლიუკასმა პედაგოგებს “გამარჯობა რუბის” ახალი წიგნი დეტალურად გააცნო და სემინარის ფარგლებში, მათ პროგრამირების სწავლების ახალი მეთოდოლოგიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.   პრეზენტაციის შემდგომ, სასწავლო პროცესში წიგნის ეფექტურად გამოყენებისთვის, მასწავლებლებმა პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს და შესაბამისი საგაკვეთილო გეგმა შეიმუშავეს. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-მა მონაწილე მასწავლებლებს ლინდა ლიუკასის ახალი წიგნები საჩუქრად გადასცა.

“გამარჯობა რუბი” დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. “გამარჯობა რუბის” ქართულად თარგმნისა და გამოცემის უფლება, კომუნიკაციების კომისიამ წიგნის ავტორისგან ექსკლუზიურად მიიღო, რის შემდეგაც, 2019 წელს, “გამარჯობა რუბის” წიგნებით სწავლება, თავდაპირველად საქართველოს 5 სკოლაში დაიწყო. დღეის მონაცემებით კი, წიგნების გამოყენებით 61 სკოლის 6000-მდე მოსწავლე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ეუფლება. მედიაწიგნიერების კვირეულის დასრულების შემდეგ, კომუნიკაციების კომისია საგანმანათლებლო რესურსს დამატებით 19 სკოლას გადასცემს.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ 24 ოქტომბერს, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრით გახსნა. მოგვიანებით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რაც ლინდა ლიუკასის პედაგოგებთან შეხვედრით გაგრძელდა. პედაგოგების გადამზადების შემდეგ, “გამარჯობა რუბის” ავტორი მშობლებისთვის მოზარდების კიბერუსაფრთხოების შესახებ სემინარს ჩაატარებს. კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართება მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი. სპეციალურად კვირეულისთვის, კომუნიკაციების კომისია საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტსა და ამერიკელ პროფესორ რენე ჰობსს ჩამოიყვანს, რომელიც სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას ჩაატარებს. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 31 ოქტომბერს, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, სადაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს, ევროკავშირის, UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პირები, Ofcom-ის წარმომადგენელთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები