მობილური ვირტუალური ოპერატორები: მათი როლი და გავლენა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე
რა არის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, იგივე MVNO?
მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი, იგივე MVNO, არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც MNO-სგან (მობილური ქსელის ოპერატორი) განსხვავებით, არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა და მომხმარებელს სერვისს სხვა კომპანიის ქსელის მეშვეობით აწვდის. კერძოდ, მობილური ვირტუალური ოპერატორი კომერციულ ფასად ქირაობს MNO-ს ქსელურ ინფრასტრუქტურას და აბონენტებს თავისივე ბრენდის ქვეშ, ინდივიდუალურ მობილურ სერვისებს სთავაზობს, რაც ქსელური ოპერატორისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც ხდება. მცირე ოპერატორებს არ გააჩნიათ საკუთარი ქსელის შექმნის რესურსი, შესაბამისად, MNO-ების ინფრასტრუქტურაზე დაშვება, MVNO-ებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 20 წელზე მეტია აძლევს შესაძლებლობას, შევიდნენ ბაზარზე და მნიშვნელოვანი საწყისი დანახარჯების გარეშე ოპერირება დაიწყონ. აღნიშნული სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას უქმნის.
თუმცა მოდით, დავიწყოთ თავიდან: რატომ და როდის გაჩნდა მობილური ვირტუალური ოპერატორი?
ყველა წარმატებული პროდუქტის შექმნის წინაპირობა - გარკვეული საჭიროება, გამოწვევა თუ პრობლემაა, რომელსაც აღნიშნული პროდუქტი უნდა პასუხობდეს. სწორედ ასე მოხდა მობილური ვირტუალური ოპერატორების შემთხვევაშიც: 90-იანი წლების ბოლომდე, ევროპულ ტელეკომ ბაზრებზე ტრადიციული ოპერატორები მონოპოლიას ფლობდნენ და მომხმარებლებს იდენტურ პაკეტებსა და შეზღუდულ არჩევანს სთავაზობდნენ, რაც აბონენტებისთვის შემაფერხებელი იყო. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტმა ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით დაიწყო დირექტივების გამოცემა, რათა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია გაუმჯობესებულიყო და აბონენტებს უკეთესი მომსახურება მიეღოთ. ერთ-ერთი ასეთი დირექტივა კი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალდებულებდა ეზრუნათ იმაზე, რომ დომინანტური პოზიციის მქონე ოპერატორებს სხვა კომპანიებისთვის სამართლიანი ფასებით მიეცათ თავიანთ ქსელზე დაშვების შესაძლებლობა. აღნიშნული დირექტივა აღმოჩნდა ევროპაში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების ლიბერალიზაციის საფუძველი: 1998 წელს უკვე ევროკავშირის ყველა მობილურ ოპერატორს ჰქონდა შესაძლებლობა დაკავშირებოდა სხვა ოპერატორის ქსელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. 1999 წელს კი, შეიქმნა პირველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - Virgin Mobile UK, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო ოპერირება და მომხმარებლებისთვის, კერძოდ კი მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის მეტად ხელმისაწვდომი, მათზე მორგებული შეთავაზებები შექმნა.
რა არის მობილური ვირტუალური ოპერატორის მთავარი იდეა და რატომ ინარჩუნებს დღემდე პოპულარობას?
Virgin Mobile-ის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან, მსოფლიოში არაერთი მობილური ვირტუალური ოპერატორი გამოჩნდა, რომლებმაც მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მომხმარებელთა გარკვეულ სეგმენტში. მობილურმა ვირტუალურმა ოპერატორებმა აღმოაჩინეს და დაიმკვიდრეს თავიანთი ნიშა - შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის მათზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურებები. მაგალითისთვის, თუ MNO, ანუ მობილური ქსელის ოპერატორი შედარებით განზოგადებულ შეთავაზებებს ქმნის, რომლებიც გათვლილია ქვეყნის სრულ მოსახლეობაზე, MVNO სხვადასხვა კონკრეტულ სეგმენტს ერგება, ისეთებს, როგორებიც არიან: სტუდენტები, მოგზაურები, დისტანციურად მომუშავეები და ასე შემდეგ. შესაბამისად, თითოეული მობილური ვირტუალური ოპერატორი მუშაობს სპეციფიკური ცხოვრების სტილის, პრიორიტეტებისა თუ მოთხოვნების მქონე ადამიანების კონკრეტულ სეგმენტზე, რაც მომხმარებლებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი და მიმზიდველია.
მობილური ვირტუალური ოპერატორების მაგალითები:
MVNO-ს ერთ-ერთი მაგალითი ავსტრალიური ოპერატორი Boost Mobile-ია, რომელიც მორგებულია ახალგაზრდებზე და მათ შემდგომი გადახდის სერვისებს სთავაზობს. მაგალითისთვის, თუ მოცემულ მომენტში მომხმარებელს არ აქვს თანხა (რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ხშირი გამოწვევაა), მას მაინც შეეძლება სერვისით სარგებლობა და საფასურის მოგვიანებით გადახდა. ამასთან ერთად, ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს სპეციფიკურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს საგანმანათლებლო პროგრამებზე, მუსიკალურ ფესტივალებსა და სხვადასხვა სპორტის სახეობაზე.
მობილური ვირტუალური ოპერატორის კიდევ ერთი მაგალითი შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია - Yesim-ია, რომლის სამიზნე სეგმენტს დისტანციურად მომუშავე ადამიანები წარმოადგენენ. ოპერატორი მომხმარებლებს სთავაზობს გლობალურ როუმინგულ პაკეტებს, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ ინტერნეტ კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. Yesim აბონენტებს ასევე აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ VPN დაცული კავშირისთვის. ამასთან ერთად კი, ოპერატორს აქვს ინტერნეტის გაზიარების სერვისი, რაც დისტანციურად მუშაობას მეტად მოქნილს ხდის.
BIG PURPLE PHONE კი ავსტრალიური მობილური ვირტუალური ოპერატორია, რომლის სამიზნე აუდიტორიას პენსიონერები და ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ. ოპერატორი მომხმარებლებს მათზე მორგებულ პაკეტებთან ერთად, შესაბამის მობილურ მოწყობილობას სთავაზობს, რომლის მოხმარებაც შესაძლებელია მწირი ტექნიკური ცოდნისა თუ შეზღუდული მხედველობის შემთხვევაშიც. აღნიშნული სერვისი დამატებით მოიცავს მესიჯების ხმამაღლა წამკითხველს, დიდი ზომის ღილაკებს, SOS ღილაკს, დაცულ საკონტაქტო სიას და შეხსენების ფუნქციებს, რაც სამიზნე სეგმენტის სპეციფიკურ საჭიროებებს იდეალურად პასუხობს.
რატომ არის მობილური ვირტუალური ოპერატორის არსებობა სატელეკომუნიკაციო სფეროსთვის მნიშვნელოვანი?
გამომდინარე იქიდან, რომ მობილურ ვირტუალურ ოპერატორებს ქსელის აგებაზე არ უწევთ რესურსების დახარჯვა, მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ კონკრეტული სეგმენტის საჭიროებებს საკუთარი სერვისი მოარგონ და მრავალფეროვანი შეთავაზებები შექმნან. უფრო კონკრეტულად კი - დააკმაყოფილონ ადამიანთა მცირე ჯგუფების ისეთი მოთხოვნები, რომელთაც ქსელური ოპერატორები ზოგადი შეთავაზებებით ვერ ფარავენ. ეს მოდელი ორმხრივად მომგებიანია, რადგან ერთი მხრივ, ქმნის არჩევანის მრავალფეროვნებას, ხოლო მეორე მხრივ, ტელეკომ ბაზრის გაზრდას და განვითარებას უწყობს ხელს.
საგულისხმოა, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორების არსებობა არ აზიანებს ტრადიციულ ოპერატორებს. პირიქით, ისინი ზრდიან მომხმარებელთა რაოდენობას და ხელს უწყობენ ბაზრის გაფართოებას. ამასთან ერთად კი, იზრდება კონკურენციაც, რაც ბაზრისთვის და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელია. კერძოდ, ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა არსებულ ოპერატორებს უჩენს მოტივაციას, გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება და აბონენტებს კონკურენტული სერვისები შესთავაზონ. სწორედ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე დაშვებით, მომხმარებელი იღებს უკეთეს ხარისხსა და სერვისებს, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა მათი მომსახურებით.
უცხოურ ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების მრავალწლიანმა არსებობამ აჩვენა ისეთი შედეგები, როგორებიცაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფასების შემცირება, ინოვაციური მომსახურებების დანერგვა და მრავალფეროვანი არჩევანის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ასეთ კონკურენტულ ბაზარზე მობილური ქსელის ოპერატორი (MNO) თავად არის დაინტერესებული მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისთვის საბითუმო მომსახურებებზე წვდომის მიცემით, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, MVNO-ები სხვა, კონკურენტ მობილური ქსელის ოპერატორებს მიმართავენ და პოტენციური საბითუმო შემოსავალი სხვა კომპანიების შემოსავლის წყარო გახდება.
რატომ არის MNO ვალდებული საკუთარ ქსელზე MVNO დაუშვას?
მიუხედავად იმ ბევრი სიკეთისა, რაც MVNO-ს არსებობას მოაქვს, რატომ უნდა ჰქონდეს MNO ოპერატორს საკუთარი ქსელის გაზიარების ვალდებულება? პასუხი ძალიან მარტივია: იმისათვის, რომ მობილური მომსახურების მიმწოდებელმა ქსელის მფლობელმა კომპანიებმა ფუნქციონირება შეძლონ, სახელმწიფოსგან შეზღუდული და ამოწურვადი სიხშირული რესურსი რიგი ვალდებულებების სანაცვლოდ აქვთ მინიჭებული. MVNO ოპერატორი კი, ბაზარზე არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებასთან ერთად, სახელმწიფოს ამოწურვადი სიხშირული რესურსის ეფექტიანად ათვისებას უწყობს ხელს, ვინაიდან, სწორედ ქსელის მფლობელი ოპერატორის გამოუყენებელ სიხშირულ რესურსს მოიხმარს.
რა მდგომარეობაა საქართველოში და რას აკეთებს კომისია ტელეკომ ბაზრის გახსნისთვის?
ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი სატელეკომუნიკაციო სერვისების უზრუნველყოფა კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც სატელეკომუნიკაციო სექტორის არქიტექტორისა და მარეგულირებელი ორგანოსთვის, უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებიც მომხმარებლის კეთილდღეობაზე, ტელეკომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასა და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს კანონმდებლობის სრულად ევროპულთან ჰარმონიზებაზეა ორიენტირებული.
კერძოდ, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების“ (AA Facility) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა განახორციელა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართული მობილური ბაზარი განიცდის სტაგნაციას და არ არის კონკურენტული, რაც მომხმარებლებისთვის შემზღუდველია. ამასთან ერთად, დადგინდა ისიც, რომ „მაგთიკომი“ მობილური მომსახურებების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და კონკურენციის გაუმჯობესებისა და ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნის მიზნით, მას სპეციფიკური ვალდებულებები უნდა განესაზღვროს. სწორედ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის ივლისში „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა, საიდანაც ერთ-ერთს MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულება წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს წინ უძღოდა ComCom-ის რამდენიმეწლიანი თანმიმდევრული ქმედებები ხელი შეეწყო ბაზარზე MVNO-ების შემოსვლისთვის, როგორც კომისიის გადაწყვეტილებით - სავალდებულო დაშვების ჩარჩოს ფარგლებში, ასევე, კომერციული მოლაპარაკების რეჟიმში, რათა ქსელის მფლობელი ოპერატორები და დაშვების მსურველი ოპერატორები ერთად, დამოუკიდებლად შეჯერებულიყვნენ სასურველ პირობებზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიას ღიად ჰქონდა გაცხადებული მობილური ვირტუალური ოპერატორის შექმნის სურვილი, ქსელის ოპერატორების მხრიდან სურვილის არ ქონის გამო, მოლაპარაკებების პროცესი თითქმის 5 წელი გაჭიანურდა და მხოლოდ ერთმა MVNO ოპერატორმა - „ჰალომ“ მოახერხა ქსელზე დაშვება, რომელსაც ამჟამად 14,700 აბონენტი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, ტელეკომ ბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ეს ბარიერების მოხსნას, კონკურენციის გაუმჯობესებას და თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.
