თებერვალი 24, 2022 12:04

მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ComCom-სა და სემეკს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ)  შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურეობის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ მოაწერეს.

შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას და ამ მიმართულებით ეფექტიანობა გაიზარდოს. კომუნიკაციების კომისიის  და სემეკის რეგულირებაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები შედის, როგორიც  მაუწყებლობა და  ელექტრონული კომუნიკაციები, ასევე  ენერგეტიკა და წყალმომარაგებაა. 

კომუნიკაციების კომისიის, სემეკისა და სატელეკომუნიკაციო  კომპანიების თანამშრომლობის შედეგად უკვე შეიქმნა სოციალური პროექტი - *303#, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებისთვის  კომუნალური მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიღება გამარტივდა. მობილურ ტელეფონებზე კოდის - *303# აკრეფის შედეგად მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი და გადაამოწმონ დარიცხვა.

*303# კოდით მომსახურება უფასოა და  მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, სერვისით მომსახურეობა ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას. დღემდე, *303#-ს 3 მილიონზე მეტი გამოყენება აქვს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები