ივნისი 03, 2021 17:10

“ობიექტივი“ ეთერში ძალადობის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა „სტუდია N8“-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება მაუწყებელს 6 საათიდან 24 საათამდე ეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლებს ავალდებულებს დაიცვან გადაცემების კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კანონით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად განათავსონ.

გამომდინარე იქიდან, რომ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის სახით 2500 ლარი დააკისრა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები