თებერვალი 28, 2023 15:49

პანკისის ხეობაში 30-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადამზადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობის 30-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების ტრენერი, ანი გვეტაძე გაუძღვა და მასწავლებლებთან ერთად, მედიაწიგნიერების საგნის სკოლებში დანერგვისა და სწავლების საკითხები განიხილა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ხორციელდება.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები