რა იპარავს ინტერნეტს - Wi-Fi როუტერის გამოწვევები
ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხის კვლევა: გამოწვევები და შედეგები
კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით რამდენიმე კვლევა ჩაატარა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში მომხმარებლებს ჰქონდათ ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ, მათ არ მიეწოდებოდათ იმ სიჩქარის ინტერნეტი, რაც პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
ComCom-ის ტექნიკურმა სამსახურმა წინასწარ შერჩეულ 50 მომხმარებელთან, რომლებმაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემის შესახებ განაცხადეს, 24-საათიანი ტესტირება ჩაატარა. გაზომვების შედეგად კი დადგინდა, რომ აბონენტების სახლში არსებულ კაბელამდე, ინტერნეტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად მიეწოდებოდა.
სად აღმოჩნდა პრობლემა?
შემოწმებამ და ანალიზმა აჩვენა, რომ მთავარ გამოწვევას ხშირ შემთხვევაში Wi-Fi როუტერი წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიამ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, იმ აბონენტების Wi-Fi როუტერები, რომელთაც ინტერნეტის სიჩქარის პრობლემა ჰქონდათ, სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში შეამოწმა.
Wi-Fi როუტერების ტესტირება გლობალური სტანდარტების შემმუშავებელი ორგანიზაციის, Broadband Forum-ის მეთოდოლოგიის მიხედვით განხორციელდა. ორგანიზაცია ოპერატორებს, აპლიკაციების პროვაიდერებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს უზრუნველყონ ხარისხიანი და სერვისებზე ორიენტირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება. საგულისხმოა, რომ Wi-Fi მოწყობილობის ტესტირებისთვის აღნიშნული მეთოდოლოგია ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (Ofcom) მიერ არის გამოყენებული.
კვლევამ აჩვენა, რომ იმ აბონენტების 26%-ს, რომელთაც პროვაიდერების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული როუტერები ჰქონდათ, არ მიეწოდებოდათ იმ სიჩქარისა და ხარისხის ინტერნეტი, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მახასიათებლები ან ძველი თაობის როუტერი იყო. კვლევით დადგინდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომელიც როუტერის მუშაობაზე ახდენს გავლენას.
რა ფაქტორები ახდენს Wi-Fi-ს მუშაობაზე გავლენას?
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად, პრობლემას როუტერის თაობა წარმოადგენდა, ვინაიდან მოძველებული თაობის მოწყობილობა მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გატარებას ვერ უზრუნველყოფდა. ამასთან ერთად კი, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოწყობილობის კონფიგურაცია: ახალი თაობის როუტერებს შეუძლიათ როგორც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის გატარება, ისე სიხშირული ზოლის ავტომატურად არჩევა. ასეთ დროს, მოწყობილობა თავად აანალიზებს გარემოს და ირჩევს ყველაზე ეფექტიან არხს, რათა სტაბილური და სწრაფი ინტერნეტი გაატაროს. საგულისხმოა, რომ დღეს-დღეობით, თანამედროვე მოწყობილობად მეხუთე ან მომდევნო თაობის როუტერი ითვლება.
გარდა ამისა, კვლევით გამოვლინდა, რომ ინტერნეტის სიჩქარეზე გავლენას მოწყობილობის განთავსებაც ახდენს. კერძოდ, Wi-Fi სიგნალს ხელს უშლის ისეთი დაბრკოლებები, როგორებიცაა ბეტონი, აგური, ხე, ფანჯრები, კარები და ელექტრონული მოწყობილობები. ამასთან, არ არის რეკომენდებული როუტერის დაყენება სამზარეულოში, ნესტიან ადგილებში ან თუნდაც - კარადაში. ხარისხიანი ინტერნეტისთვის კი როუტერი უნდა განთავსდეს ბინის ცენტრში, რათა სიგნალი შეუფერხებლად გავრცელდეს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ანტენების განლაგებაც. მაგალითისთვის, შიდა ანტენებიანი როუტერი სიგნალს მხოლოდ წინა პანელიდან ასხივებს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია როუტერი ვერტიკალურ პოზიციაში განთავსდეს და წინა პანელი მოწყობილობისკენ იყოს მიმართული.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ Wi-Fi-ს სიჩქარეზე გავლენას დაკავშირებული მომხმარებლების რაოდენობაც ახდენს, კერძოდ, რაც უფრო მეტი მომხმარებელია დაკავშირებული Wi-Fi-ზე, მით უფრო დაბალია ინტერნეტის სიჩქარე თითოეული მომხმარებლისთვის.
ამასთან ერთად, რიგ შემთხვევებში, პრობლემა Wi-Fi-ზე დაკავშირებული მოწყობილობები აღმოჩნდა. კერძოდ, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაღებად სასურველია ლეპტოპს, ტელეფონს ან თუნდაც Smart TV-ის იმავე სიხშირეზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს, რა სიხშირესაც როუტერი იყენებს.
და ბოლოს, კვლევით დადგინდა, რომ ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე სხვა როუტერებიც ზემოქმედებენ. მაგალითად, თუ როუტერთან ახლოს განთავსებულია სხვა დამატებითი Wi-Fi ან რადიო მოწყობილობა, შესაძლებელია მოხდეს სიგნალების გადაფარვა ან ჩახშობა, რაც ინტერნეტის სიჩქარეს შეამცირებს.
wifi.comcom.ge – როუტერის შემოწმების მარტივი პლატფორმა
ინტერნეტის ხარისხის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, შეიქმნა პლატფორმა - wifi.comcom.ge. პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს მარტივად გაზომოს Wi-Fi როუტერის მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარესა და ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ პლატფორმა?
იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტის პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ ეწვიოთ wifi.comcom.ge-ს და მარტივად შეამოწმოთ ინტერნეტის სიჩქარე, რომელსაც როუტერი გაწვდით. თუ სიჩქარე იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს თქვენსა და პროვაიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დახმარებით შეძლებთ მიზეზის აღმოჩენას და აღმოფხვრას.
ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ როუტერსა და მოწყობილობას შორის არსებული სიგნალის დონე. თუ გაზომვის შედეგია -30 dBm-დან -40 dBm-ის ჩათვლით, მაშინ Wi-Fi როუტერსა და მოწყობილობას შორის სიგნალის დონე შესანიშნავია. თუ მაჩვენებელი -41 dBm-დან -60 dBm-ის დიაპაზონშია, სიგნალის დონე ძალიან კარგია. -61 dBm-დან -80 dBm-ის ჩათვლით, სიგნალის დონე სუსტია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მაჩვენებელი -81 dBm-დან -100 dBm-ის ფარგლებშია - როუტერსა და მოწყობილობას შორის სიგნალის დონე ძალიან სუსტია.
გაზომვისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ Wi-Fi როუტერსა და დაკავშირებულ მოწყობილობას შორის დაბრკოლებების გარეშე, პირდაპირი მანძილი 10-15 მეტრია, თუმცა სიგნალის დონე მაინც 60 dBm ან მეტია, ამ შემთხვევაში უმეტესად პრობლემა როუტერი, მისი თაობა, ხარისხი ან სხვა მოწყობილობების ხელშემშლელი ფაქტორებია.
თუ გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ Wi-Fi როუტერსა და დაკავშირებულ მოწყობილობას შორის სიგნალის დონე სუსტი ან ძალიან სუსტია და ამასთან, გამოირიცხა ისეთი ხელშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა სხვა მოწყობილობების ზემოქმედება ან როუტერის არასწორი განთავსება, რეკომენდებულია როუტერის შეცვლა. თუ თქვენს სახლში არსებული როუტერი პროვაიდერის მოწოდებულია და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ ოპერატორს მისი ჩანაცვლების თაობაზე დაუკავშირდეთ. თუმცა, ვინაიდან ოპერატორებს არ გააჩნიათ ვალდებულება აბონენტებს უფასო როუტერები გადასცენ, ხოლო მათ მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა კვლავ ვერ აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს, შეგიძლიათ პლატფორმაზე განთავსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ერთჯერადად თავად შეიძინოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი როუტერი, რომელიც თქვენს პრობლემას საფუძვლიანად აღმოფხვრის.
wifi.comcom.ge-ზე ასევე დაგხვდებათ ვიდეო-გზამკვლევი, იმის შესახებ თუ როგორ შეარჩიოთ სწორი ადგილი და რა ფაქტორებს მიაქციოთ ყურადღება, როცა სახლში როუტერს დგამთ. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია Wi-Fi-ის სიჩქარის შეფერხების ისეთი შესაძლო მიზეზების შესახებ, როგორებიცაა დაკავშირებული მოწყობილობები, მომხმარებელთა რაოდენობა, სხვა მოწყობილობებით სიჩქარის გადაფარვა და სხვა.
კომუნიკაციების კომისიისთვის მომხმარებელთა ინფორმირება და ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო სერვისის უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტია.
