ივლისი 03, 2023 13:00

საქართველოს ღია ციფრული ეკოსისტემა - ComCom-მა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმზე პანელური სესია გამართა

კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ICT კლასტერის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით გამართულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის მესამე დღეს უმასპინძლა.  ფორუმის ამ დღეს, ტელეკომისადმი მიძღვნილ ნაწილში, საქართველოს ღია ციფრულ ეკოსისტემასა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

სესია კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT კლასტერის თანადამფუძნებელთან, დავით კიზირიასთან, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან, ეკა ყუბუსიძესთან და დიგიტალიზაციის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სკითხებიში ევროკავშირის დელეგაციის ატაშესთან საქართველოში, ლიზე ვანვიმელბეკესთან ერთად გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მონაწილეებმა ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ პერსპექტივაში საქართველოს ციფრული ეკონომიკის პოტენციალის შესახებ იმსჯელეს. ტელეკომისადმი მიძღვნილი სესიების პირველ ნაწილში, აქცენტები გაკეთდა ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საქართველოში ინტერნეტის გაცვლის ნეიტრალური წერტილის - IXP-ის შექმნაზე, რაზეც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა ისაუბრა. შემაჯამებელ ნაწილში კი, დისკუსია დაეთმო ამ მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებს, ასევე, კომუნიკაციების კომისიის როლს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ფლაგმან პროექტებში, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას უწყობენ ხელს.

მომდევნო პანელი, უცხოელი ექსპერტების პრეზენტაციებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების შესახებ, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს შესაძლებლობები მიმოიხილეს. პირველი მონაწილე ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის ციფრული და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერი, ტიბო შარლე იყო, რომელმაც საქართველოსა და რეგიონში ევროკავშირის მიერ ციფრული მხარდაჭერის ინიციატივებსა და რეგიონალური დაკავშირების პროექტში საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა. ამის შემდეგ, პრეზენტაცია Cullen International-ის მთავარმა ექსპერტმა, ვერონიკა ბოკაროვამ წარადგინა და გლობალურ სატელეკომუნიკაციო ტენდენციებთან ერთად, იმ ტექნოლოგიებსა და ფაქტორებზე იმსჯელა, რომლებიც ახალ რეალობას ქმნიან. მოგვიანებით, SpaceX-ის გლობალური ლიცენზირებისა და ბაზრის გახსნის დირექტორმა, რაიან გუდნაითმა, ახალი ტექნოლოგიები და SpaceX-ის სატელიტური ქსელების - Starlink-ის საერთაშორისო მისია განიხილა.

უცხოელი ექსპერტების პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, მეხუთე თაობის ტექნოლოგიის შესახებ ისაბურა, სადაც 5G-ის მახასიათებლებზე, განმასხვავებელ ნიშნებზე და ამ მიმართულებით, მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, მან ის პროცესები და სამუშაოებიც მიმოიხილა, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

სესიის დასასრულს, გაიმართა მეორე პანელური დისკუსიაც, რომელსაც ComCom-ის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირებისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ეკა სიჭინავა გაუძღვა და კომუნიკაციების კომისიის კომპლექსურ კვლევასთან ერთად, საქართველოში ტელეკომ ბაზრის იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელა, როგორიცაა ბაზრის გახსნა და ვირტუალური დაშვების მოდელების შექმნა. დისკუსიაში, ეკა სიჭინავასთან ერთად, კომპანია InexPHONE-ის მმართველი პარტნიორი, რატი ახვლედიანი და კომერციული დირექტორი, მარიამ კაკაბაძე  მონაწილეობდნენ, რომლებმაც, ბრიტანეთში მათ მიერ დაფუძნებული ახალი ქართული მობილური ვირტუალური ოპერატორის, MobineX-ის ბიზნეს მოდელი და საქართველოს ბაზარზე არსებული სირთულეები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მობილური და ფიქსირებული ბაზრების კომპლექსურ კვლევას ახორციელებს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები