„TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ მაყურებელს ახალი ამბები მიუკერძოებლობის სტანდარტის დარღვევით მიაწოდეს

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო და სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა საკითხი და დაადგინა, რომ „TV პირველის“ და „ფორმულას“ ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს.
ამასთან ერთად, საჩივარში ასევე სადავოდ იყო გამხდარი „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რა შემთხვევაშიც, კანონის თანახმად, იდენტური სამართლებრივი რეგულაციები ვრცელდება, შესაბამისად, ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებშიც ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.
გარდა ამისა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჩივარში მიუთითებდა, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლების მიერ არ მოხდა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც მათივე მტკიცებით ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად კომუნიკაციების კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა, რადგანაც მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია.
შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების მხრიდან დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლებს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა ჩადენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ასევე, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, ასევე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები, ამ გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე ComCom-მა მაუწყებლები სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება, ასევე არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები.“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის გასულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 აპრილს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლების მიმართ არსებული მოთხოვნები, კერძოდ: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება; სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა; შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. აღსანიშნავია, რომ კანონის ძალაში შესვლამდე, ჩამოთვლილი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. კანონში 1 აპრილს შესული ცვლილებების მიხედვით კი, ჩამოთვლილი მოთხოვნების დარღვევებზე კომუნიკაციების კომისიას სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა.