ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერებისთვის „იდეადრომი“ მეთერთმეტედ ჩაატარა
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 2 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და მათ 7000 და 3000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა. კონკურსის მიზანს ციფრული მედიის სფეროში სტარტაპერების აღმოჩენა, მათი პროდუქტების დახვეწა, განვითარება და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
I ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით მოიპოვა გუნდმა „ლიანებმა“, რომელთა სტარტაპიც წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მშობლებს ეხმარება შვილებთან კომუნიკაციასა და რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში. საგულისხმოა, რომ გუნდი „ლიანები“ „იდეადრომთან“ ერთად, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებული გახდა.
II ადგილზე კი აუდიტორიის გადაწყვეტილებით, გავიდა გუნდი „Sealedu”, რომელიც თვითადაპტირებად AI სასწავლო პლატფორმას წარმოადგენს. სტარტაპი დაფუძნებულია MIT-ის SEAL framework-ზე, რომელიც რეალურ დროში აკვირდება სტუდენტის ეკრანს, უსმენს ხმას და პრაქტიკული მუშაობის დროს სწავლების პროცესს ავტომატურად არგებს მის ცოდნის დონესა და ტემპს.
„იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერებმა მედიალაბის აქსელერატორის გუნდის, Full-stack და AI დეველოპერების, სტარტაპერების, პროდუქტის განვითარების ექსპერტების, ასევე ფინანსებისა და იურიდიული საკითხების სპეციალისტების ხელმძღვანელობით 5 დღიანი ინტენსიური გადამზადება გაიარეს და იდეის ვალიდაციის, მომხმარებლის ანალიზის, მარკეტინგის, იურიდიული თუ ფინანსური საკითხების, პროტოტიპირებისა და პროდუქტის დახვეწის, ინვესტორებთან მოლაპარაკების, პროცესების მართვის, ასევე, იდეის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მეთერთმეტე „იდეადრომის“ თემებს ციფრული კომუნიკაცია, AI, კიბერუსაფრთხოება, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა, შექმნილი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლეს.
