ივნისი 05, 2024 15:36

2023 წლისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამურად 26 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ComCom-ი უკვე არაერთი წელია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ წარმოადგენს, რომელიც კომისიამ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და UNICEF-ის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში ComCom-მა ჩაატარა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შეიმუშავა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებით მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს 1600-მდე პედაგოგი გადაამზადა. პროექტის შედეგად, 2023 წლიდან მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X, XI და XII კლასების მოსწავლეებში საქართველოს უკვე 5 სკოლაში ისწავლება.

გასულ წელს კომისიამ საქართველოში რიგით მესამე, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართა. აქტივობებში მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, სტუდენტები და სტარტაპერები იღებდნენ. სპეციალურად კვირეულისთვის, კომუნიკაციების კომისიის მოწვევით, საქართველოში მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ, მათ შორის: მედიაწიგნიერების ექსპერტი და ამერიკელი პროფესორი რენე ჰობსი, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული ლინდა ლიუკასი და ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისიის (Ofcom) მედიაწიგნიერების პოლიტიკისა და პროექტების ხელმძღვანელი, ფეი ლანტი, რომლებიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთნენ და შესაბამის აუდიტორიას თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

2023 წელს ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“, რომელიც მოზარდებში კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას ემსახურება, ორჯერ - მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩაატარა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და სიმართლის დადგენა ევალებოდათ. კონკურსის ბოლოს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული ნამუშევრები გამოავლინა, რომელთა ავტორებსაც კომისიამ მაღალტექნოლოგიური პრიზები გადასცა. დამატებით, საუკეთესო 15 ნაშრომის ავტორ სტუდენტს, ცოდნის გაღრმავების მიზნით, დამატებითი გადამზადების შემდგომ მედიაწიგნიერების პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. კონკურსების პარალელურად ჩატარდა 31 სემინარი სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც, რომლებსაც 600 მოსწავლე და 450-მდე სტუდენტი ესწრებოდა.

გასულ წელს კომუნიკაციების კომისიამ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა „გამარჯობა რუბის“ ახალი წიგნი, რომელიც 4 ნაწილს აერთიანებს. „გამარჯობა რუბი“ ფინური წიგნების სერიაა, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საწყისების დაუფლებასთან ერთად, ციფრული წიგნიერებისა და ანალიზის უნარების განვითარებას ემსახურება. მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, 2023 წელს პედაგოგებს ახალი წიგნი თავად წიგნების ავტორმა - ლინდა ლიუკასმა გააცნო და წიგნით სწავლების ახალი მეთოდოლოგიები გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან კომისიამ „გამარჯობა რუბის“ 10000 წიგნი დაბეჭდა და საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. წიგნებით სწავლებაში ComCom-მა 220-მდე პედაგოგი გადაამზადა, რის შედეგადაც, დღეს „გამარჯობა რუბის“ წიგნებით 6000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების პროცესში, სულ უფრო მეტი დაინტერესებული მხარე ჩაერთოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მედიაწიგნიერების ეროვნული პლატფორმა - https://mediatsigniereba.ge, რომელიც აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს. 2023 წელს პლატფორმას 7 ახალი პარტნიორი დაემატა. რაც შეეხება საგანმანათლებლო რესურსს, ამ დროისთვის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი შემეცნებითი სტატია. გასული წლის მონაცემებით, პლატფორმას 60 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2023 წელსაც აქტიურად ახორციელებდა, ევროკომისიის მიერ აღიარებული „მედიის გასაღებია“. „მედიის გასაღების“ პლატფორმაზე განთავსებულია 30 ქართული და 70 უცხოური ფილმი, რომელთაც ინდივიდუალური აღწერები და რეკომენდაციები ახლავს თან. პროექტი კი მიზნად მოზარდებში ფილმის შინაარსის გააზრებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ისახავს. პროექტის ფარგლებში, გასულ წელს კომისიამ სკოლებში ფილმის ჩვენებები და დისკუსიები გამართა, რომელთაც 180 მოსწავლე ესწრებოდა.

გარდა ამისა, სტუდენტებში მედიაწიგნიერებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომისიამ გასულ წელს საქართველოს უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. 2023 წელს, კომისიამ უნივერსიტეტებში ჩაატარა პრეზენტაცია თემებზე „5G-ის განვითარება საქართველოში“ და „მედიაგარემო და რეგულირება“. საინფორმაციო შეხვედრები ინტერაქციული ფორმატით მიმდინარეობდა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. შეხვედრებში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „ალტე უნივერსიტეტის“ 450-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.

საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მედიაწიგნიერების პროექტების ფარგლებში კომისიამ კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით 15.400 მოსწავლე, 4.000 მასწავლებელი და 1.600 სტუდენტი გადაამზადა. სულ ჩატარდა 600-ზე მეტი საგანმანათლებლო სემინარი და შეხვედრა, ხოლო „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ 3.500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. მედიაწიგნიერების ყველა პროექტის ჯამური ბენეფიციართა რაოდენობა კი 26.000-ია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები